Site icon Civil.ge

გუდაუთაში მეჩეთთან მომხდარ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა მას შემდეგ, რაც გუდაუთაში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ადგილობრივი, მუსლიმური სათვისტომოს წარმომადგენლებს, რომლებიც მეჩეთის გარეთ იდგნენ, იტყობინება აფხაზური საინფორმაციო სააგენტო "აფსნიპრესი“.

ამავე ინფორმაციით, თავდამსხმელები მეჩეთს დღის დაახლოებით 3 საათზე ავტომანქანა Volkswagen Touareg–ით მიუახლოვდნენ და მეჩეთის წინ მდგომ რვა ადამიანს ცეცხლი გაუხსნეს. 

საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ თავდამსხმელებმა ინციდენტის ადგილი დატოვეს, იტყობინება "აფსნიპრესი“ პროკურატურის წყაროზე დაყრდნობით. ამავე ინფორმაციის თანახმად, მანქანა მოგვიანებით სამართალდამცველებმა დამწვარ მდგომარეობაში, ახლომდებარე სოფელში, აღმოაჩინეს.

2010 წლის 17 ივლისს, გაგრაში საკუთარ სახლში მოკლეს აფხაზეთის მუსლიმთა სასულიერო საბჭოს წევრი ემიკ ჩაკმაჩ-ოღლი.

იმავე თვეს, სოხუმის მეჩეთის იმამმა განაცხადა, რომ ის სიკვდილს გადაურჩა მას შემდეგ, რაც საკუთარ მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.

2007 წლის 17 აგვისტოს გუდაუთას მეჩეთის იმამი ხამზათ გიცბა გუდაუთაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

This post is also available in: Русский (რუსული)