Site icon Civil.ge

სააკაშვილი შიდა ქართლის კონფლიქტისპირა სოფლების დახმარების საჭიროებაზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა აამუშავოს ყველა სოციალური, ჯანდაცვის თუ სხვა ტიპის დახმარების პროგრამები „ოკუპაციის ხაზის გასწვრივ“ მდებარე შიდა ქართლის სოფლებში.

“ეს არის, ამ ეტაპზე, ჩვენი პასუხი ამ ნაძირლობებს, რომელსაც რუსი ოკუპანტები იქ ჩადიან და ჩვენი თანადგომა ჩვენი განსაკუთრებული ხალხის მიმართ,“– განაცხადა მან.

“ყველაფერი უნდა მივცეთ ამ ხალხს იმისათვის, რომ ამ ხალხმა, ჯერ ერთი, კარგად გამოიზამთროს, მეორე, თავი იგრძნოს სოციალურად უფრო დაცულად… ყველა მიმართულებით, თუკი სადმე რამე კეთდება, პირველ რიგში უნდა გაკეთდეს ნიქოზში და მიმდებარე სოფლებში,“– განაცხადა სააკაშვილმა.

“ნიქოზი და სხვა სოფლები არიან მართლა ყველაზე მეტად დაზარალებული რუსული აგრესიის შედეგად, ოკუპანტების სამიზნე არიან დღე და ღამე. და იქ სოციალური დახმარების პროგრამები გასაფართოვებელი გვაქვს  იმიტომ, რომ აქამდე რა პროგრამებიც იყო, ბევრი რაღაცა შეჩერდა,“– აღნიშნა მან.

სააკაშვილმა ეს განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც შიდა ქართლში რწმუნებულისგან, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრებისგან ამ რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

გუბერნატორმა, ზურაბ არსოშვილმა განუცხადა პრეზიდენტს, რომ რიგ სოფლებს "ოკუპანტების მიზეზით“ არ მიეწოდება სარწყავი წყალი და ამის გამო ადგილობრივებმა მიწების დამუშავება ვერ შეძლეს წელს. თუმცა სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის განცხადებით, სარწყავი წლის პრობლემა მომავალი წლიდან აღმოიფხვრება.

გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის განცხადებით კი მოსახლეობა შეშით მომარაგების პრობლემის წინაშე დადგა, რადგან ტყეები, საიდანაც ადგილობრივები შეშას ამზადებდნენ, ოკუპაციის ხაზის მიღმა დარჩა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ამ სოფლების მოსახლეობა შეშით ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს.

This post is also available in: Русский (რუსული)