Site icon Civil.ge

დეპუტატები ახალ კონსტიტუციაში უნდობლობის გამოცხადების ვადებს განიხილავენ

დეპუტატები მმართველი პარტიიდან და საპარლამენტო უმცირესობიდან 12 ოქტომბერს საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე და საბოლოო მოსმენით მიღებამდე უნდობლობის გამოცხადების ვადებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავენ.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების კვალდაკვალ, რაც ახალ კონსტიტუციაში უნდობლობის გამოცხადების პროცედურების და ვადების გამარტივებას და შემოკლებას ეხება, დეპუტატებმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან 11 ოქტომბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოუწოდეს მმართველ პარტიას კონსულტაციები გამართონ, რათა ვადების შემცირებაზე მიაღწიონ შეთანხმებას.   

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის მიერ მეორე წინასწარ მოსაზრებებში გახმოვანებული კრიტიკის ერთ–ერთი წყარო უკავშირდება იმ ფაქტს, რომ კონსტრუქციული უნდობლობის ვოტუმის მთლიანი პროცესი "ხანგრძლივი და რთულია“.

ამ პროცესს შესაძლოა 50–60 დღე დასჭირდეს, ან პრემიერ–მინისტრის კანდიდატურაზე პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში – 70–80 დღე.

ეს ვადები კიდევ უფრო ხანგრძლივი იყო, თუმცა კანონპროექტის მეორე მოსმენის დროს ის 20 დღით შემცირდა, რაც, ვენეციის კომისიის თქმით, "პოზიტიური მოვლენაა, თუმცა არასაკმარისი.“

"რაც შეეხება იმ საკითხებს, რაც იყო წამოწეული ქრისტიან–დემოკრატების მიერ, ბუნებრივია მთავარი ის არის, რომ კონსულტაციებს გავაგრძელებთ სესიამდე და შევეცდებით რაღაც შეთანხმებას მივაღწიოთ,“ – განუცხადა დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს 11 ოქტომბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომის შემდეგ.

 

This post is also available in: Русский (რუსული)