სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ რუსული პრესა "პროვოკაციული სტატიებით“ რეგიონში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების საკითხთან დაკავშირებით დიდ ზეწოლას ახდენს სოხუმზე, რაც, მისი თქმით, "ხელს არ შეუწყობს პრობლემის მოგვარებას“.
“ჩვენ ამ სტატიებს ამავე ტონში ვუპასუხებთ, არავის რომ არ ეწყინოს. თუ ჩვენ გვსურს პრობლემების გადაჭრა, მოდით მოვაგვაროთ ისინი და არ გადავიდეთ ანგარიშსწორებაზე: ვინაა დამნაშავე და ვინ არა,“– იუწყება "აფსნიპრესი“ 28 ოქტომბერს ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით, "მე კონსტრუქციულობის მომხრე ვარ“.
ეს განცხადებები აფხაზეთის ლიდერმა ქონებრივ დავებზე შექნილი კომისიის პირველ გაფართოებულ სხდომაზე გააკეთა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სეპარატისტული ხელისუფლებისა და რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, მათ შორის პროკურატურიდან.
“ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ჩვენი შემდგომი საქმიანობის მეთოდიკა, გამოვავლინოთ არსებული დარღვევები და გადავჭრათ პრობლემები,“– განაცხადა ბაღაფშმა კომისიის სხდომაზე.
ამ კომისიის შექმნას აფხაზეთში წინააღმდეგობა და დებატები უძღოდა წინ, რადგან ამ იდეის მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ ეს გზას გაუხსნის იმ ათასობით ქართველის დაბრუნებას, რომლებმაც აფხაზეთი 90–იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დატოვეს და ამჟამად რუსული პასპორტებით რუსეთში ცხოვრობენ. ამ შესაძლებლობის თავიდან აცილების მიზნით, სოხუმი მხარს უჭერს თითოეული ქონებრივი დავის ინდივიდუალურ განხილვას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)