Site icon Civil.ge

“თავისუფალი დემოკრატები“ პოლიციის კანონში ცვლილების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ

ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების წევრმა ლევან იზორიამ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც პოლიციის კანონში სექტემბერში შეტანილი ცვლილების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

“თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებით, პოლიციელისთვის მინიჭებული დამატებითი უფლება, რომ მან "გონივრული ეჭვის“ საფუძველზე "შეაჩეროს“ და "ზედაპირულად შეამოწმოს“ პირი, ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ დებულებას "ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობის“ შესახებ.

იზორიას თქმით, კანონი არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა კონკრეტული გარემოებების არსებობისას შეიძლება პოლიციელს ჰქონდეს პირის შეჩერების ე.წ. გონივრული ეჭვი; არ არის მასში გავლებული ზუსტი ზღვარი ჩხრეკასა და ზედაპირულ შემოწმებას შორის. 

“ასეთი სახის ზოგადი პოლიციური უფლებამოსილებები, რომლებიც არც კონკრეტულ საფუძველს და არც კონკრეტულ მიზანს იცნობენ, სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპის უხეშ დარღვევას წარმოადგენენ,“– ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)