Site icon Civil.ge

სააკაშვილი: ”ჩვენ არავისთან გვსურს კონფრონტაცია”

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 ნოემბერს ”საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის ჯაშუშური ქსელის აღმოჩენის” ოპერაციაში ჩართული კონტრდაზვერვის თანამშრომლები დააჯილდოვა და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, თუ ეს უკანასკნელი საამისოდ კეთილ ნებას გამოიჩენს.

”ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაციაა იმის გამო რომ ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, იმყოფება მუდმივი წნეხის ქვეშ და არაოკუპირებულ ნაწილზე დესტაბილიზაციის მუდმივი მცდელობების პირობებში,” – განაცხადა მან შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილიც ესწრებოდა.

”ჩვენ ნამდვილი მონსტრი გვებრძვის, მაგრამ როგორც ბაყბაყდევი დამარცხებადია – მე არ მინდა ჩვენი თავი ნაცარქექიას შევადარო… მაგრამ ჩვენი შრომით და გამჭრიახობით შევძლებთ ამ ბაყბაყდევის დამარცხებას,” – განაცხადა სააკაშვილმა.

”ჩვენ ვიცავთ თავს და ჩვენი კონტრმზვერავები არიან ამ თავდაცვის პირველ ხაზზე. მე მინდა დიდი მადლობა გითხრათ და გისურვოთ შემდგომი წარმატებები საქართველოს მტრის მოქმედებების და ხრიკების შესაჩერებლად და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ,” – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველომ მოახერხა პატარა, მაგრამ ეფექტური კონტრდაზვერვის შექმნა.

”ჩვენ არავისთან გვსურს კონფრონტაცია; ჩვენ ვიცავთ ჩვენ თავს. თუ რუსეთი გამოიჩენს კეთილ ნებას და დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან, საქართველო ამ მოლაპარაკებებისთვის არის ყოველთვის მზად. თუ ჩვენ დაგველაპარაკებიან როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც ყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლფება, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და მომავალშიც ვიქნებით ამისთვის მზად,” – დასძინა მან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)