Site icon Civil.ge

მერაბიშვილი: “მე არ ვოცნებობ არც ერთ თანამდებობაზე”

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი ჯერ არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორი იქნება მისი პოლიტიკური კარიერა ახალი საკონსტიტუციო სისტემის პირობებში, როდესაც პრემიერ–მინისტრი ქვეყნის მთავარი ფიგურა გახდება.

ტელეკომპანია "იმედთან“ ინტერვიუში მერაბიშვილმა განაცხადა: "წინასწარ საქართველოში არაფრის თქმა არ შეიძლება. არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ მე არ ვოცნებობ არც ერთ თანამდებობაზე“.

"მე არავითარი გეგმები არ მაქვს და არ ვფიქრობ სხვა რომელი სამინისტრო და რომელი მიმართულება არის ჩემთვის ძალიან საინტერესო  იმიტომ, რომ ჩემი ყოველდღიური მუშაობის და სამინისტროს ფუნქციებიდან გამომდინარე ასეთი ფიქრის დრო და საშუალება მე არ მაქვს… ამაზე ფიქრი დღეს არასწორად მიმაჩნია იმიტომ, რომ ორი წელი საქართველოში იმდენად გრძელი პერიოდია… ორი წელიწადის წინასწარ პროგნოზირება საქართველოში შეუძლებელია,“ – განაცხადა მან.

შემდეგ, წამყვანმა თავი აარიდა პირდაპირ კითხვას, ფიქრობდა თუ არა ის პრემიერ–მინისტრის პოსტზე და ამის ნაცვლად შეეკითხა, ფიქრობდა თუ არა ის 2012 წლის არჩევნებზე.

"არა, მე არჩევნებზე არ ვფიქრობ,“ – უპასუხა მერაბიშვილმა.

საქართველოს 2013 წლის ბოლოდან ახალი საკონსტიტუციო სისტემა ექნება, რომლის პირობებშიც საპრეზიდენტო ძალაუფლების დიდი ნაწილი პრემიერ–მინისტრს გადაეცემა, რომელსაც 2012 წლის მოწვევის პარლამენტი აირჩევს. პრემიერობის კანდიდატს, რომელიც სავალდებულო არ არის, რომ იყოს დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობა დაასახელებს. 

მართალია საქართველოში ფართოდ გავრცელდა ვარაუდები, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის მეორე და უფლებამოსილების საბოლოო ვადა 2013 წელს იწურება, პრემიერ–მინისტრის პოსტს უმიზნებს, მაგრამ ზოგიერთები იმასაც ვარაუდობენ, რომ ამ თანამდებობის დაკავება ვანო მერაბიშვილს სურს.

მერაბიშვილის თქმით, საქართველოში არსებობს "სამწუხარო" ტრადიცია, რადგან "მე ჯერ არ მინახია არცერთი ადამიანი, ვინც პოლიტიკიდან საერთოდ წასულა“. 

"იმედია შეიცვლება ეს ტრადიცია, ჩვენ ყველაფრის შეცვლა გვინდა და მათ შორის ამ ტრადიციისაც, რომ ადამიანს შეეძლოს წასვლა პოლიტიკიდან და ამ სიტყვის დღევანდელი გაგებით ის აღარ იყოს პოლიტიკოსი,“– განაცხადა მან. 

ტელეკომპანია "იმედთან“ ინტერვიუ, რომელიც რამოდენიმე დღის წინ ჩაიწერა და 13 ნოემბერს იქნა გაშვებული ტელევიზიით, ერთ–ერთი იმ იშვიათი ინტერვიუთაგანია, რომელიც შს მინისტრს ქართული მედიისთვის მიუცია. ოპონენტების თქმით, მერაბიშვილის გავლენა მის პროფესიულ მოვალეობებს სცილდება.

ინტერვიუში მერაბიშვილი, ერთის მხრივ, შეეცადა მოეხდინა იმ მოსაზრების უარყოფა, რომ იგი გავლენას ახდენს მისი ოფიციალური კომპეტენციის მიღმა მიღებულ გადაწყვეტილებებზე, თუმცა მეორეს მხრივ, მან ასევე განაცხადა, რომ იშვიათია ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეხებაში არ იყოს.

მერაბიშვილის შესახებ ტელეკომპანია "იმედის“ 85–წუთიანი გადაცემა მოიცავდა მასთან პირისპირ ინტერვიუს, რასაც წინ უძღოდა რეპორტაჟი მინისტრის ერთი სამუშაო დღის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტი კითხვებს უსვამდა მას სამუშაო კაბინეტში და სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის თბილისში ერთ–ერთი პოლიციის შენობის მშენებლობაზე, რომელიც პოლიციის სხვა ახლადაშენებული შენობების მსგავსად შუშის შენობაა, როგორც მერაბიშვილი ამბობს, ქართული პოლიციის გამჭირვალობის საჩვენებლად.

‘შეუძლებელია წავაგოთ ომი კორუმპირებულ ქვეყანასთან’

ერთ–ერთი ადგილი, სადაც ჟურნალისტი მერაბიშვილს ახლდა, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვარი იყო, ახალგორთან ახლოს, საიდანაც გამყოფი ხაზის მეორე მხარეს რუსული სამხედრო ყაზარმები მოჩანდა. 

"ეს არის ჩვეულებრივი ბაზა, სადაც ხდება დაგეგმვა საქართველოს წინააღმდეგ დივერსიული საქმიანობის, პოლიტიკური და ეკონომიკური დესტაბილიზაციის, ქურდობის და ყაჩაღობის,“ – განაცხადა მერაბიშვილმა, "რა თქმა უნდა, ეფექტურობა მათი [მცდელობების] ძალიან მაღალი არ არის, რისი მთავარი მიზეზიც არის ჩვენი კონტრდაზვერვის და პოლიციის აქტიური მუშაობა – მთავარი მათი პრობლემა მაინც კორუფციაა და ნაკლები დაინტერესება მათი [რუსი] ოფიცრების რუსეთის ინტერესები დაიცვან; მაგრამ მაინც ჩვენ გვმართებს ძალიან ბევრი მუშაობა იმისათვის, რომ არაეფექტური, მაგრამ მრავალრიცხოვანი აგრესორების და ჩვენი მოწინააღმდეგე დანაყოფების გეგმები აღვკვეთოთ“. 

"შეუძლებელი ქვეყნისთვის, სადაც არის თავისუფლება და სადაც პოლიცია უყვარს ხალხს, რომ წააგოს ომი ისეთ ძალასთან, სადაც არის კორუფცია, სადაც არ არის ადამიანის უფლებების დაცვა, სადაც არ არის თავისუფალი ეკონომიკა… საიდანაც ჯარისკაცები გამორბიან და თავშესაფარს პოულობენ ჩვენ ტერიტორიაზე,“ – განაცხადა მინისტრმა. 
 
‘ჩრდილოეთ კავკასიელი მეგობრებისთვის გაღებული კარი’

საქართველოს გადაწყვეტილებას ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის 90–დღიანი უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე რაიმე საფრთხე არ შეუქმნია, განაცხადა მერაბიშვილმა.  

"ეს არის მხოლოდ საქართველოს მეგობრებისთვის გაღებული კარი. ჩვენ გვაქვს საკმარისი საშუალებები, როგორც ტექნიკური, ისე ოპერატიული, რომ ნებისმიერი მცდელობა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებისა იქნება აღკვეთილი. უფრო მეტიც, ეს კარიბჭე საშუალებას გვაძლევს ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია მოვიპოვოთ, უფრო მეტი დაკვირვება ვაწარმოოთ ჩვენ მოწინააღმდეგეზე და შესაბამისად მოვახდინოთ პრევენცია მათი მხრიდან რაიმე დივერსიული ან აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად,“ – განაცხადა მან.

‘რუსეთის გაღიზიანება არ ყოფილა მთავარი ამოცანა’

კითხვაზე უკავშირდებოდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რუსეთის "ჯაშუშების" დაკავების შესახებ პირველი ოფიციალური ინფორმაციის 5 ნოემბრამდე გაუვრცელებლობა იმ ფაქტს, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა ამ დღეს თავის პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავდა, მერაბიშვილმა უპასუხა, რომ ესეც იყო ფაქტორი, თუმცა მთავარი მიზეზი არ ყოფილა.

 მისი თქმით, გარკვეული დრო დასჭირდა ყველა მასალის მომზადებას საქმის "კარგად“ გაშუქებისთვის. ტელეკომპანია "რუსთავი 2“–მა ჯაშუშების საქმის შესახებ დოკუმენტური ფილმი 5 ნოემბერს გვიან საღამოს გაუშვა.

მერაბიშვილის თქმით, ჯაშუშების ქსელის გამოაშკარავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მთავარი მიზეზი იმ საქართველოს მოქალაქეების გაფრთხილება და მათზე ზეგავლენის მოხდენა იყო, რომელთაც ჯერ კიდევ აქვთ კავშირები რუსულ დაზვერვასთან.

"როცა ჩვენ ამ ოპერაციას ვაშუქებდით, ჩვენთვის მთავარი ამოცანა იყო არა ის, რომ გაგვეღიზიანებინა რუსეთი; ვექტორი [ამგვარი ქმედების] რუსეთისკენ არ იყო მიმართული,“ – განაცხადა მან.    

კომპიუტერული თამაში "პოლიცია“

მერაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაქირავებული პროგრამული უზრუნველყოფის გუნდი პირველ ქართულ კომპიუტერულ თამაშს – "პოლიცია“ – ქმნის, სადაც მოთამაშეები მონაწილეობას მიიღებენ კრიმინალების და რუსი ჯაშუშების ვირტუალურ დევნაში. თამაში ინგლისურ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც, მინისტრის თქმით, თავისუფლად გავრცელდება მთელ მსოფლიოში.

მან ასევე განაცხადა, რომ მართალია ის კომპიუტერის დიდი მოყვარულია, ის Facebook-ით არ სარგებლობს და სოციალურ ქსელში მის სახელზე გახსნილი რამოდენიმე ანგარიში მას არ ეკუთვნის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)