Site icon Civil.ge

აგვისტოს ომი აშშ-ის დიპლომატიურ მიმოწერაში

აშშ-ის იმ კონფიდენციალურ დიპლომატიურ ტელეგრამებს შორის, რომლის გამოქვეყნებაც WikiLeaks-მა დაიწყო, ამ დროისთვის, დაახლოებით, 116 დოკუმენტი მოიძიებნება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება.

აქედან სულ ცოტა 16 ტელეგრამა თბილისში აშშ-ის საელჩოდან არის გაგზავნილი; დანარჩენები ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებიდან, ნატოს შტაბბინიდან, ასევე მოსკოვიდან, ერევნიდან და ბაქოდან.

აგვისტოს ომთან დაკავშირებული დიპლომატიური დოკუმენტები თავდაპირველად მოსკოვში არსებული ჟურნალის ”რუსკი რეპორტიორ”-ის ვებგვერდზე გახდა ხელმისაწვდომი, რომელმაც განაცხადა, რომ მასალა WikiLeaks-დან მოიპოვა. რამოდენიმე ტელეგრამა, რომელიც თავდაპირველად ჟურნალის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ამჟამად უკვე WikiLeaks–ის საიტზეც არის ხელმისაწვდომი.

თბილისიდან გაგზავნილი ტელეგრამები მოიცავს აშშ–ს საელჩოს მიერ ვაშინგტონისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ომის დაწყებიდან და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე, ხოლო დოკუმენტები ევროპული დედაქალაქებიდან ასახავს დიპლომატიურ დაპირისპირებას რომელსაც ნატოსა და ევროკავშირის შიგნით ქონდა ადგილი იმაზე, თუ რა რეაგირება უნდა მოეხდინათ საქართველოს კრიზისზე. გარდა ამისა, ერევნიდან გაგზავნილი ტელეგრამებში ჩანს სომხეთის გაღიზიანება იმის გამო რომ ერევანი თბილისის მხრიდან იგნორირებას გრძნობდა. 

დიპლომატიური ტელეგრამები თბილისიდან

ამ დროისთვის ხელმისაწვდომ დიპლომატიურ ტელეგრამებს შორის, რომლებიც ომს ეხება და რომლებიც თბილისიდან იქნა გაგზავნილი, პირველი 2008 წლის 7 აგვისტოთი თარიღდება, სადაც აშშ–ის მაშინდელი ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი ვაშინგტონს ატყობინებს, რომ გასულ საღამოთი კონფლიქტის ზონაში "ინტენსიური ბრძოლა“ დაწყო.

როგორც დიპლომატიური გზავნილებიდან ჩანს, ტეფტს, რომელიც ამჟამად აშშ–ის ელჩია უკრაინაში, ხშირი კონტაქტი ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის პირებთან, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილთან.

7 აგვისტოს გზავნილში იგი წერს, რომ გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, უთხრა, რომ ქართული სოფლების წინააღმდეგ მიდის "სრულმასშტაბიანი შეტევა სამხრეთ ოსეთის მხრიდან,“ რასაც ქართული სამშვიდობო ძალების ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.

იმავე გზავნილში, ელჩი წერს, ეუთოს დამკვირვებლებზე დაყრდნობით, რომლებიც მაშინ კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდნენ, რომ შეამჩნიეს "გრადის“ სარაკეტო სისტემებით შეიარაღებული ქართული საჯარისო დანაყოფების გადაადგილება, რომელთა სავარაუდო მიზანია "ან ძალის ან მზადყოფნის დემონსტრირება, ან ორივესი ერთად“.

"ელჩმა მოუწოდა [საქართველოს] საგარეო საქმეთა მინისტრს და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს სიმშვიდე შეენარჩუნებინათ, ზედმეტი რეაგირება არ მოეხდინათ და სიტუაცია განეტვირთათ,“ – ნათქვამია გზავნილში.

გზავნილში ელჩი აღნიშნავს, რომ 6 აგვისტოს საღამოს დაწყებული ბრძოლები, წარსულში მსგავსი შეტაკებებისგან განსხვავდებოდა, რადგან ადრე, როგორც წესი, ასეთი ბრძოლები ღამის საათებში იწყებოდა და დილისთვის მთავრდებოდა.
 
"ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებიდან ჩანს, რომ სამხრეთ ოსებმა დაიწყეს დღევანდელი ბრძოლა. ქართველები ახლა იმით პასუხობენ, რომ ძალების მობილიზებას ახდენენ და თავიანთ შემდგომ ქმედებებს აფასებენ. ქართველებისთვის და ჩვენთვის გაუგებარია, რა პოზიცია უკავიათ რუსებს, მხარს უჭერენ ოსებს თუ აქტიურად ცდილობენ სიტუაციის გაკონტროლებაში დახმარებას,“ – ნათქვამია გზავნილში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, 7 აგვისტოს შუადღისთვის ელჩს თავდაცვის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ ბათუ ქუთელიამ უთხრა, რომ ქართული შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში იყვნენ, თუმცა ბოლოდროინდელი თავდასხმების საპასუხოდ მათი დისლოკაციის ადგილის შეცვლის რაიმე განზრახვა არ არსებობდა.

თუმცა, იმავე გზავნილში ელჩი ასევე იტყობინება, რომ 7 აგვისტოს ”თვალშისაცემი” იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მე–4 ბრიგადის ჯარისკაცების არ ყოფნა წვრთნებზე, რომელსაც მათ ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები უტარებდნენ. იგი ასევე იტყობინება ეუთოს დამკვირვებლებზე დაყრდნობით, რომ შეინიშნებოდა ქართული შეიარაღებული ძალების გადაადგილება გორის მიმართულებით როგორც დასავლეთიდან, ასევე აღმოსავლეთიდან. გარდა ამისა, თავად საელჩოს დამკვირვებლებმა, შეამჩნიეს დაახლოებით, 30 ავტობუსი, რომელთაც თბილისიდან სამხედრო ფორმიანი მამაკაცები გადაყავდათ.
 
მომდევნო დღეს, 8 აგვისტოს აშშ–ის ელჩმა აცნობა ვაშინგტონს, რომ მას პრეზიდენტმა სააკაშვილმა უთხრა, რომ ქართული ძალები სამხრეთ ოსეთის უდიდეს ნაწილს აკონტროლებდნენ, ცხინვალის ჩათვლით, ბრძოლა კი ჯავის მიმართულებით გრძელდებოდა. ამავე გზავნილის თანახმად, იმ დროს საელჩოსთვის ჯერ კიდევ გაუგებარი იყო ცხინვალის ჩრდილოეთით მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობდა რუსული რეგულარული არმია თუ ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლები.

ამავე ტელეგრამაში ნათქვამია, რომ სააკაშვილმა ასევე განუცხადა აშშ–ის ელჩს, რომ თბილისს ამ ბრძოლაში ჩაბმის განზრახვა არ ქონია და რომ ბრძოლების პროვოცირება სამხრეთ ოსურმა მხარემ მოახდინა.

„საელჩოს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება ადასტურებს სააკაშვილის განცხადებას, რომ ეს ბრძოლა საქართველოს თავდაპირველ განზრახვაში არ შედიოდა,“ – წერს ტეფტი, "წამყვანი ქართველი მაღალჩინოსნები, ვინც პასუხისმგებლები უნდა ყოფილიყვნენ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმაზე, შვებულებაში იყვნენ და ქართველებმა მობილიზაცია მხოლოდ 7 აგვისტოს დაიწყეს, როდესაც შეტევა უკვე დაწყებული იყო“.

კონფიდენციალური დიპლომატიური გზავნილების ამ ნაწილს საქართველოში განსაკუთრებული რეზონანსი მოყვა, მათ შორის ნაციონალური ტელევიზიების მხრიდან, რომელიც აგვისტოს მოვლენების ქართული ვერსიის მხარდამჭერ "კიდევ ერთ მტკიცებულებად“ შეფასდა.

იმავე გზავნილში, ელჩი წერს, ცხინვალში განლაგებული ეუთოს დამკვირვებლების სიტყვებზე დაყრდნობით, რომ საქართველოს იერიში ცხინვალზე "7 აგვისტოს 23:35 საათზე დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ 19:00 საათზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთდა განცხადება“ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ. საქართველომ განაცხადა, რომ მას ქართულ სოფლებზე ინტენსიური თავდასხმების გამო მოუხდა საპასუხო ცეცხლის გახსნა.

"8 აგვისტოს ღამით ოთხი მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა იქნა გამოსროლილი რუსეთის ტერიტორიიდან ცხინვალის მიმართულებით,“ – იტყობინება ელჩი იმავე გზავნილში.

იგი ასევე წერს, რომ უმეტესობას საქართველოს მთავრობაში მიაჩნდა, რომ ბრძოლა სამხრეთ ოსეთის ლიდერის კოკოითის გამოხტომა იყო, თუმცა იმ დროს პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე შეშფოთებული იყო, რომ ეს შესაძლოა რუსეთისთვის საბაბი გამხდარიყო, რის გამოც შესაძლოა ადგილი ქონოდა უფრო ფართომასშტაბიან თავდასხმას.

იმავე დღეს გაგზავნილ კიდევ ერთ ტელეგრამაში, საელჩო იტყობინება, რომ სიტუაცია კვლავ "სახიფათოა“; თუმცა, არ არსებობს რაიმე მინიშნება ან მტკიცებულება, რომ თბილისი პირდაპირი საფრთხის ქვეშ იმყოფება“.

9 აგვისტოს დილას, რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული საჰაერო დარტყმების შემდეგ, სააკაშვილს უთქვამს ჯონ ტეფტისთვის ტელეფონით, რომ რუსეთი საქართველოს დაპყრობას და "ახალი რეჟიმის დასმას“ ცდილობსო.

10 აგვისტოს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა თბილისში აკრედიტებულ დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა იმასთან დაკავშირებით, რომ "საქართველოს ცოცხალი ძალის უზარმაზარი დანაკარგი ჰქონდა“. 10 აგვისტოს, აშშ-ის საელჩოს ტელეგრამის თანახმად, რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად ქართული ძალები ცხინვალიდან და კონფლიქტის ზონიდან გამოდევნეს.

11 აგვისტოს კი ელჩი ატყობინებს ვაშინგტონს, რომ "სულ უფრო რთულდება სამხედრო ვითარების სწორი ანალიზი ომის ბურუსისა და იმ ფაქტის გამო, რომ ქართული სამხედრო მართვისა და კონტროლის სისტემა მწყობრიდანაა გამოსული“.

"ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები სამხედრო მოქმედებებზე ზოგჯერ სხვადასხვა ინფორმაციას გვაწვდიან,“ – ნათქვამია 11 აგვისტოს გზავნილში.

”თანხმობა პრინციპებზე, უთანხმოება კონკრეტულ ნაბიჯებზე”

მაშინ როდესაც საქართველოში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, ბრიუსელიდან გაგზავნილ ამერიკელი დიპლომატების ტელეგრამებიდან კარგად ჩანს, თუ როგორ ლობირებდა ვაშინგტონი, აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოსთან ერთად, ნატოს ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ „მკაცრი განცხადების“ გაკეთებას.

თუმცა, როგორც ამ ტელეგრამებიდან ჩანს, ამ ძალისხმევას გერმანიის წინააღმდეგობა შეხვდა, რომელიც ბრიუსელიდან ვაშინგტონში გაგზავნილ ერთ ტელეგრამაში მოხსენიებულია, როგორც "პრო–რუსული ბანაკის მედროშე“.

ამ დიპლომატიური ტელეგრამების თანახმად, გერმანია ასევე ლობირებდა, რომ გაუქმებულიყო ჩრდილოეთ ატლანტიკური საბჭოს სექტემბრისთვის უკვე დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში.

ერთი გზავნილის თანახმად, ნატოში რუსეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ნატო-ს დიპლომატები გააფრთხილა, რომ ნატო–რუსეთის ურთიერთობა "კითხვის ნიშნის“ ქვეშ დადგებოდა, თუ ალიანსის ეს ვიზიტი მაინც შედგებოდა.
 
„8 აგვისტოს საქართველოში კრიზისის დაწყებასთან ერთად, ნატოს მოკავშირეები და დიპლომატები ლამობდნენ განესაზღვრათ, თუ როგორ ეპასუხათ [ამ კრიზისისთვის],“ – ნათქვამია ნატოს შტაბბინიდან ვაშინგტონში გაგზავნილ ტელეგრამაში, "სამწუხაროდ, კრიზისმა ასევე გამოავლინა ალიანსის შიგნით კვლავ არსებული უთანხმოება თუ როგორ ეპასუხათ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის [MAP] მიღებაზე საქართველოს სურვილისთვის მაშინ, როცა გერმანია და ნორვეგია ნატოს ატლანტიკური საბჭოს ვიზიტის საკითხის გადახედვას მოითხოვდნენ, ხოლო მეორე მხრივ, პოლონეთმა – საქართველოსთვის MAP–ის მინიჭების ძლიერმა მხარდამჭერმა – განაცხადა, რომ კრიზისმა მხოლოდ გააძლიერა რეგიონში ნატოს ატლანტიკური საბჭოს ვიზიტის საჭიროება“.

ამერიკელი დიპლომატების მიერ ბრიუსელიდან გაგზვნილ ტელეგრამებში ასევე ჩანს, რომ პარიზი კრიზისში ნატოსთვის განსაკუთრებული როლის მინიჭების წინააღმდეგი იყო. ერთ-ერთი კონფიდენციალური ტელეგრამის მიხედვით, ერთ ფრანგ დიპლომატს განუცხადებია, რომ ნატოს მიერ 8 აგვისტოს გაკეთებული საჯარო განცხადება, სადაც ის მოუწოდებს მხარეებს შეწყვიტონ ძალადობა, "ამ ეტაპზე საკმარისი” იყო.

11 აგვისტოსთვის გერმანია, ნიდერლანდები, ესპანეთი, იტალია და თურქეთი სიფრთხილით ეკიდებოდნენ ნატოს ატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში და აცხადებდნენ, რომ იმ ეტაპისთვის ძალიან ადრე იყო ამ საკითხის გადაწყვეტა. საბოლოო ჯამში, ეს ვიზიტი შედგა და ნატო-ს ელჩები საქართველოში, როგორც დაგეგმილი იყო, 15 სექტემბერს ჩამოვიდნენ.

ნატოს მოკავშირეებმა ვერ მიაღწიეს კონსენსუსს საქართველოში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით აშშ–ის შეთავაზებულ მკაცრ განცხადებაზე.  ბრიუსელიდან გაკეთებული ერთი გზავნილის თანახმად, ყველა მოკავშირე თანხმდებოდა საომარი მოქმედებების დაუყონებლივ შეწყვეტის საჭიროებაზე, მაგრამ ზოგიერთს მიაჩნდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მკვეთრად კრიტიკული განცხადების გაკეთება ამ მიზნის მიღწევაში მათ ხელს არ შეუწყობდა.

"ბალტიისპირელები, ჩეხეთის რესპუბლიკა, ბულგარეთი და გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერდნენ მკაცრ განცხადებას. გერმანია ამის წინააღმდეგი იყო, ვინაიდან ევროკავშირის, ეუთოს და ნატოს გზავნილების ჰარმონიზების იმედი ჰქონდა და სიფრთხილით ეკიდებოდა, რადგან მიაჩნდა რომ ნებისმიერ განცხადებას დაძაბულობის განმუხტვისთვის უნდა შეეწყო ხელი. გერმანიის ამ პოზიციას მხარი დაუჭირეს საფრანგეთმა, თურქეთმა, საბერძნეთმა, ლუქსემბურგმა, ნორვეგიამ, ესპანეთმა, იტალიამ და სლოვაკეთმა,“– ნათქვამია ნატოში აშშ-ის საელჩოდან გაგზავნილ ერთ ტელეგრამაში.

ამავე შეტყობინების თანახმად, საფრანგეთი თავის ფრთხილ პოზიციას იმით ხსნიდა, რომ ნატოს განცხადებას შესაძლოა ხელი შეეშალა საფრანგეთის,  როგორც ევროკავშირის მაშინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, კონფლიქტში საშუამავლო ფუნქციისთვის.

ბრიუსელიდან გაკეთებული კიდევ ერთი გზავნილი, სადაც დეტალურად არის აღწერილი ნატოს პოლიტიკური კომიტეტის 11 აგვისტოს შეხვედრა, სიტუაციას შემდეგნაირად აღწერს: ნატო "პრინციპში ერთიანია, თუმცა უჭირს კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმება“.

"ქართულ ბრალეულობაზე რუსეთის პოზიციის თუთიყუშივით გამეორება“

საიდუმლო შეტყობინებების თანახმად, ნატოს რამოდენიმე მოკავშირის თავშეკავებულობა, გარკვეულ წილად, კავშირში იყო ეჭვებთან, რომ ომი სწორედ თბილისმა დაიწყო.

11 აგვისტოს ამერიკელი დიპლომატის გზავნილი ნატოს შტაბბინიდან რეკომენდაციას აძლევს ვაშინგტონს, რომ კარგი იქნებოდა თუ ნატოელ მოკავშირეებს გააცნობდნენ იმ სადაზვერვო ინფორმაციას, რომლის გაზიარებაც მიზანშეწონილი იქნებოდა.  ამ დროისთვის არსებულ მასალებში არსად არის ნათქვამი, თუ რა რეაგირება მოყვა ნატოში ამერიკელი დიპლომატის ამ რჩევას.

"რამოდენიმე მოკავშირე – განსაკუთრებით გერმანია – რუსულ პოზიციას საქართველოს ბრალეულობის შესახებ თუთიყუშივით იმეორებენ,“ – ნათქვამია გზავნილში.

მოსაზრება თბილისის ბრალეულობის შესახებ იმდენად ფართოდ იყო გავრცელებული, რომ საქართველოს ზოგიერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერიც კი პირად საუბრებში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ქართული მხარის ოფიციალურ ვერსიას.

ვარშავაში აშშ–ის საელჩოდან გაგზავნილ ტელეგრამაში ნათქვამია, რომ პოლონეთმა გასაოცრად აქტიური როლი შეასრულა საქართველოს მხარდაჭერის საქმეში. კიდევ ერთი გზავნილის თანახმად, რომელიც დეტალურად აღწერს ამერიკელ დიპლომატის და პოლონეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მაშინდელი მეთაურის, გენერალ ფრანჩიზეკ გაგორის შეხვედრას, პოლონელ გენერალს უთქვამს, რომ სააკაშვილმა მიიღო "ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, როდესაც სამხრეთ ოსეთში შევიდა და ამით პირდაპირ რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი“.

"პოლონეთს მიაჩნია, რომ სააკაშვილი რუსი აგენტების მიერ იყო მანიპულირებული  – რომლებიც შესაძლოა მის მრჩევლებს შორისაც იყვნენ – რათა კარი გაეღოთ საქართველოში სამხედრო ქმედებისთვის და საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციისთვის,"– განაცხადა გენერალმა გაგორმა, რომელიც სმოლენსკისთან მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

რამოდენიმე გზავნილის თანახმად, ამერიკელი დიპლომატები ურჩევდნენ საქართველოს ხელისუფლებას „ეფექტური საჯარო დიპლომატია“ წამოეწყო საკუთარი ვერსიის გადამყარებლად, რადგან "ევროპელებს ზოგიერთ ქვეყნებში მიაჩნიათ, რომ საქართველომ დაიწყო კონფლიქტი და ამისკენ აშშ–მა წაახალისა“.

სომხეთის ჩუმი "გაღიზიანება“

ერევანში აშშ-ის საელჩოს მიერ ვაშინგტონში გაგზავნილ ტელეგრამაში აღწერილია 2008 წლის 11 აგვისტოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და ამერიკის ელჩის მოადგილეს შორის გამართული საუბარი, სადაც მინისტრის მოადგილე უკმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოს მიერ სომხეთისთვის განკუთვნილი ტვირთების დაკავების გამო. მისი თქმით ქართული მხარე არ ატარებდა ამ ტვირთებს საზღვარზე.

სომხეთში იმპორტის აბსოლუტური უმეტესობა საქართველოზე გავლით ხორციელდება.

ამავე ტელეგრამის თანახმად, სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა ივარაუდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იმიტომ გააჩერა სომხეთისთვის განკუთვნილი ტვირთი, რომ ეს პროდუქცია ომის დროს თავისივე საჭიროებისთვის გამოეყენებინა.

ერევანში აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური გზავნილებიდან ასევე ირკვევა, რომ სომხეთი უკმაყოფილო იყო ომის დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე ორი ქართული გადამზიდავი კომპანიის მიერ ფასების სულ ცოტა გასამმაგების გამო. როგორც ერთ-ერთ ტელეგრამაშია ნათქვამი, სომხეთის მაღალჩინოსნების ინფორმაციით ეს ორი გადამზიდავი კომპანია საქართველოს ხელისუფლებასთან იყვნენ დაახლოებული და ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ ფასების მოულოდნელი მომატება თბილისის მითითებით მოხდა. (სომხეთის პრემიერ–მინისტრმა საქართველოს სატარიფო პოლიტიკაზე საჯარო პრეტენზიები 2009 წლის ივნისში გამოთქვა).

საკითხი ერევანმა ხელმეორედ 14 აგვისტოს დააყენა, როდესაც აშშ–ის საელჩოს წარმომადგენელი სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ტიგრან სარგსიანმა დაიბარა, რათა შეშფოთება გამოეხატა ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. 
 
"პრემიერ–მინისტრმა დაიჩივლა, რომ იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობდა კონფლიქტის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საქონლის განბაჟებაზე და მის სომხეთში გამოტარებაზე, საქართველოს ტვირთების გაშვება აზერბაიჯანის მიმართულებით არ შეუფერხებია,“ – ნათქვამია ერევანში აშშ–ის საელჩოს ერთ-ერთ ტელეგრამაში.

დოკუმენტის თანახმად, ამერიკელმა დიპლომატმა უპასუხა, რომ სომხეთის მომარაგებაში წარმოქმნილი პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობდა რუსული სამხედრო ქმედებების დასრულება და მოუწოდა ერევანს თავისი გავლენა გამოეყენებინა ამ მიმართულებით.

როგორც ერევნიდან გაგზავნილ ტელეგრამებშია ნათქვამი, სომხეთის ხელმძღვანელობის განსაკუთრებული უკმაყოფილების საგანი საქართველოს მთავრობის მხრიდან იგნორირება იყო.

ერთ-ერთ გზავნილში ნათქვამია, რომ სომხეთის პრემიერ–მინისტრმა დაიჩივლა, რომ ლადო გურგენიძე, რომელიც იმ დროს საქართველოს პრემიერ–მინისტრი იყო, მის სატელეფონო ზარებს „აღარ პასუხობს“ და ივარაუდა, რომ საქართველო შესაძლოა სომხეთს რუსეთთან ახლო ურთიერთობების გამო ”სჯის.”  

"ჩვენ ეს საკითხი საჯარო არ გაგვიხდია, რადგანაც ვცდილობთ მოვუფრთხილდეთ იმ კარგ ურთიერთობებს, რომელიც საქართველოსთან გვაქვს,“ – განუცხადებია სომხეთის პრემიერ–მინისტრს ერევანში აშშ-ის ელჩის მოადგილისთვის.

კიდევ ერთ გზავნილში, რომელიც 15 აგვისტოს მოვლენებს აღწერს, აშშ–ს საელჩო ერევანში ატყობინებს ვაშინგტონს, რომ სომხეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს იმის გამო, რომ ვერ ახერხებენ საქართველოსთან კავშირზე გასვლას.

"ყველაზე უდიერი საქციელი, ალბათ, იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის [ეკა ტყეშელაშვილის] უარი, რომ სულ რამდენიმე წუთით მაინც შეხვედროდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ნალბანდიანს ერევნის აეროპორტში, რომლის გავლითაც მიემგზავრებოდა საქართველოში 15 აგვისტოს დილით,“ – ნათქვამია საელჩოს ტელეგრამაში, რომელიც ასევე დასძენს, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისის პოზიცია "მტრულ დამოკიდებულებადაც“ კი შეაფასა. მისი თქმით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა და საქართველოს პრემიერ–მინისტრმა თავიანთი სომეხი კოლეგების ზარებს არ უპასუხეს.

ამ ტელეგრამის თანახმად, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უთხრა ამერიკელ დიპლომატს, რომ ერევანი ცდილობდა დახმარებოდა საქართველოს და აპირებდა შეეთავაზებინა 4 000–ზე მეტი დევნილის მიღება და საერთაშორისო დახმარებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის როლის შესრულება.

"მეტი რა უნდათ ჩვენგან?“ – ნათქვამია ტელეგრამაში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებზე დაყრდნობით, რომლის თქმითაც, სომხეთის ხელისუფლება ცდილობდა საჯაროდ არ გაეკეთებინა უარყოფითი განცხადება საქართველოს მისამართით.

მას ასევე უთქვამს, რომ ამგვარი საჯარო განცხადების შემთხვევაში, ჯავახეთის რეგიონის ეთნიკური სომხების რეაქცია "ძალიან სახიფათო“ იქნებოდა საქართველოსთვის.

"მისი სიტყვების უკან არსებული აშკარა მუქარის მიუხედავად, ნალბანდიანმა განაცხადა, რომ ‘ეს არ არის ის ბანქო, რომლის გათამაშებაც საქართველოსთან მიმართებაში შეგვიძლია’, ეს უბრალოდ ’რეალობაა’,“ – ნათქვამია ტელეგრამაში.

იმავე დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა რომ პირად საუბრებში, სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები გაღიზიანებას არ მალავდნენ, საქართველოს შესახებ მათი საჯარო განცხადებები ”მკაფიოდ პოზიტიური” იყო.

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი საქართველოს 2008 წლის 30 სექტემბერს ესტუმრა. ვიზიტის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ერევანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა გაძლიერდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)