ეუთოს მაღალი დონის ორდღიანი სამიტი ასტანაში, რომელიც 1999 წლის შემდეგ პირველი ასეთი სამიტი იყო, ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის მიღების გარეშე დასრულდა, რისი მიზეზიც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოსთან მიმართებაში ფორმულირებაზე შეუთანხმებლობა გახდა.
"ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება რუსეთის მიმართ იმისათვის, რომ მოგვენახა კომპრომისული ვარიანტი. მაგრამ, როგორც გახსოვთ, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ არ დავუშვებდით არავითარი დოკუმენტის მიღებას, სადაც საქართველო, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და საქართველოში მომხდარი ომი არ იქნებოდა ასახული ობიექტურად და დეტალურად,“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 3 დეკემბერს და დასძინა, რომ შეთანხმება ვერ მოხერხდა ეუთოს წევრ სახელმწიფოებს და რუსეთს შორის.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ სამიტის მთავარი დოკუმენტის მიღება შეუძლებელი გახდა, ვინაიდან რუსეთი არ იყო მზად კონსტუქციული ნაბიჯი გადაედგა კონფლიქტებთან მიმართებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა 1 დეკემბერს, რომ მოსკოვი არ დათანხმდებოდა დოკუმენტის ისეთ ფორმულირებაზე, სადაც რამენაირი მინიშნება იქნებოდა გაკეთებული საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე "მის ადრინდელ საზღვრებში“.
"‘კონფლიქტი საქართველოში’ გაჟღერდა დასავლეთის რამოდენიმე დელეგაციის გამოსვლაში ისეთ კონტექტსში, თითქოს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილებად რჩებიან და თითქოს კონფლიქტი მოსკოვსა და თბილისს შორისაა. ჩვენ ავუხსენით ჩვენს თანამოსაუბრეებს… რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტს ვერ ვხედავთ,“ – განაცხადა ლავროვმა. მას მხედველობაში ჰქონდა მოსკოვის პოზიცია, რომლის თანახმადაც ის არ წარმოადგენს იმ კონფლიქტის მხარეს, რომელიც, მისი აზრით, მხოლოდ თბილისსა და სოხუმს შორის და თბილისსა და ცხინვალს შორის არსებობს.
ეუთოს ასტანას სამიტმა მიიღო ”მემორიალური დეკლარაცია”, რომელიც ზოგად ფორმულირებებს შეიცავს და ადასტურებს ორგანიზაციის არსებულ ღირებულებებს.
1 დეკემბერს სამიტზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ "ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი, უკეთესი და მტკიცე ეუთო, ისეთი, რომელიც თავს არ აარიდებს ბრძოლას პრობლემების გადასაჭრელად და დიალოგს ორ პარტნიორსა და ყველა ლიდერს შორის ნებისმიერ დონეზე“.
თავის გამოსვლაში მან კიდეც ერთხელ გამოხატა მზადყოფნა რუსეთთან დიალოგისთვის და განაცხადა, რომ მან ძალის არგამოყენების თაობაზე საქართველოს პირობის ამსახველი წერილები ეუთოს, გაეროს და ნატოს გენერალურ მდივნებს, ასევე ევროკომისიის, ევროკავშირის და აშშ–ს პრეზიდენტებს უკვე გაუგზავნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)