აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებად აღიარება "არაკორექტული და არალოგიკურია“, აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება აშშ–ის სენატში ინიცირებულ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით და ამერიკელ კანონმდებლებს ომის შემდეგ შექმნილი "ახალი რეალობის“ გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.
რეზოლუციის პროექტი, რომელიც სენატში დეკემბერში იქნა ინიცირებული, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს "რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ“ რეგიონებად აღიარებს.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უარვყოფთ ამერიკელი კანონმდებლების უფლებას საკუთარი შეფასებები გააკეთონ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ამასთან ერთად, კვლავაც იძულებული ვართ მწუხარებით მოვახდინოთ იმის კონსტანტაცია, რომ რეზოლუციის პროექტში, ისევე როგორც კონგრესის ბევრი წევრის პოზიციაში, იგნორირებულია ახალი რეალობა, რომელიც შეიქმნა 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული აგრესიის შემდეგ,“– აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყება 13 დეკემბერს გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.
“ამ ქმედებების შედეგად – და ზუსტად თბილისმა რომ დაიწყო აგრესია ცოტა ვინმე თუ უარყოფს – წარმოიქმნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამის შემდეგ მათი მიჩნევა „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებად“, სულ მცირე არაკორექტული და არალოგიკურია,“– ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვის თქმით, ის დაინტერესებულია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი თბილისის მშვიდობიან თანაარსებობას სოხუმთან და ცხინვალთან.
“პირველ რიგში, საუბარია პირდაპირი, თანაბარუფლებიანი, კონსტრუქციული და მშვიდი ურთიერთქმედების დამყარებაზე ამ ქვეყნებს შორის, ძალის არ გამოყენების შესახებ შეთანხმებების მიღწევის ჩათვლით,“– განმარტავს რუსეთის საგარეო უწყება.
“ის მიდგომა კი, რომელსაც თბილისი ქადაგებს და პროპაგანდას უწევს, ემყარება ილუზორულ მცდელობას მიაღწიოს ომამდე არსებული სტატუს კვოს აღდგენას, ამა თუ იმ ფორმით გაავრცელოს თავისი დიქტატი აფხაზ და ოს ხალხზე, რომლებმაც გააკეთეს თავისი არჩევანი და ამ გზიდან ვერ გადაახვევინებენ,“ – ნათქვამია განცხადებაში.
“ვიმედოვნებთ, რომ ამერიკელი სენატორები გაითვალისწინებენ ამ უდავო ფაქტებს საქართველოს და მის გარშემო არსებული სიტუაციის შეფასებისას,“– აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)