საქართველომ შვეიცარიის შუამავლობით ოფიციალური ნოტით მიმართა რუსეთს, რათა ითანამშრომლოს შემოდგომაზე საქართველოში განხორციელებული აფეთქებების გამოძიების საქმეში.
“კერძოდ, კი ჩვენ ვთხოვთ მათ [რუსეთს] დაგვეხმარონ საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებაში, რომლებიც იმყოფებიან ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე, ასევე დააკავონ ბრალდებული ბორისოვი, დაკითხონ იგი და ასევე დაკითხვას დაასწრონ ქართველი სამართალდამცავები,“– განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 16 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე და იქვე აღნიშნა, რომ შვეიცარიის საელჩოს ასევე გადაეცა "გამოძიების სრული მასალა".
აფეთქებების საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შსს–მ ექვსი ბრალდებული დააკავა და განაცხადა, რომ "ტერორისტული აქტების სერიის“ დამკვეთი, აფხაზეთში განთავსებული რუსული ძალების ოფიცერი ევგენი ბორისოვი და აფეთქებების ორგანიზატორები და შემსრულებლები, საქართველოს ორი მოქალაქე მერაბ ყოლბაია და მუხრან ცხადაია აფხაზეთს აფარებენ თავს.
საქართველომ რუსეთს გამოძიების საქმეში თანამშრომლობისკენ 7 დეკემბერს, აფეთქებების საქმის გახსნილად გამოცხადების დღესვე მოუწოდა. თუმცა ოფიციალურმა მოსკოვმა იმ შეფასებით უპასუხა, რომ "პროვოკაციული“ აფეთქებები, მათ შორის თბილისში აშშ–ის საელჩოს სიახლოვეს და ლეიბორისტული პარტიის ოფისთან – ამ უკანასკნელს ერთი ქალბატონის სიცოცხლე შეეწირა – "დადგმული შოუ“ და "ქართული სპეცსამსახურების არაპროფესიონალური ნამუშევარი“ იყო.
ნინო კალანდაძის განცხადებით, თბილისს იმედი აქვს, რომ რუსეთი გამოიჩენს "გულისხმიერებას“, გაგებით მოეკიდება მიმართვას "საკითხის სიმწვავის და გამოძიების მაღალ ინტერესიდან“ გამომდინარე და "შესაბამისი კონსტრუქციულობით" ითანამშრომლებს ქართულ მხარესთან.
“მიუხედავად ჩვენს შორის დაძაბული ურთიერთობებისა, რუსული მხარის მონაწილეობა გამოძიების ამ საქმეში არის უაღრესად მნიშვნელოვანი, იმდენად რამდენადაც კონკრეტული ქმედებები წარმოადგენს ძალიან მძიმე დანაშაულს, შეფასებულია, როგორც ტერორისტული ქმედება და შესაბამისად წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის,“– განაცხადა კალანდაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)