23 დეკემბერს რუსეთის პატრიარქი კირილი მოსკოვში ვიზიტად მყოფ ნინო ბურჯანაძეს, დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერს შეხვდა.
რუსეთის საპატრიაქროს ოფიციალური ვებ–გვერდის თანახმად, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ბურჯანაძესთან შეხვედრის დროს, აღნიშნა, რომ საქართველოდან სტუმრებთან ყოველი შეხვედრა მნიშვნელოვანი და სასურველია, მხედველობაში ჰქონდა რა "ორივე მხრიდან იმ ძალისხმევის გამოჩენის აუცილებლობა, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები“.
“მე არ ვსაუბრობ ჩვენ ხალხებს შორის ურთიერთობებზე. უარესობისკენ თუ უკეთესობისკენ ამ ურთიერთობების შეცვლა არავის ძალუძს იმიტომ, რომ ორი ხალხი ერთად ცხოვრობს გეოგრაფიულად, ერთიანი ბედისწერითაა დაკავშირებული, ზოგჯერ ტრაგიკულით, და ამ გულითად ურთიერთობებს საფუძვლად უდევს ჩვენი რწმენის ერთიანობა,“– განაცხადა კირილმა.
რუსეთის პატრიარქის თქმით, დღეს როდესაც ორ ქვეყანას შორის "არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები“, რუსულ და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობები, ამის მიუხედავად, ძალიან აქტიურად ვითარდება.
“თქვენთან შეხვედრამდე მე შევისწავლე საინფორმაციო მონაცემები. კონტაქტების, ერთობლივი ღვთისმსახურების, ორი ეკლესიის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შორის პრობლემების განსახილველად გამართული შეხვედრების გაანალიზების შედეგად საკუთარ თავს ვკითხე: რომელ სხვა ეკლესიასთან გვაქვს ჩვენ ასეთი ინტენსიური ურთიერთობები? და ეს ხდება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების სფეროში უკიდურესად ნეგატიური მოვლენების ფონზე,“– განაცხადა მან.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ "ჩვენი ძმური ეკლესიები, რომლებიც ასე ახლოა ერთმანეთთან არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ გულითადად, უნდა იყვნენ დღეს ორი ლოკომოტივი, რომლებსაც შეეძლებათ ხელი შეუწყონ იმ რთული სიტუაციიდან გამოსვლას, რომელიც შეიქმნა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში“.
ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ ეკლესიას შეუძლია "დიდი და მნიშვნელოვანი როლი“ ითამაშოს ორ ქვეყანას შორის არსებული "დიდი სირთულეების“ გადალახვაში.
ბურჯანაძემ შეხვედრაზე ასევე დააყენა აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში მდებარე მე-11 საუკუნის ძეგლის – ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ირგვლივ არსებული პრობლემა, რაზეც რუსეთის პატრიარქმა დაავალა ადგილზე ვითარების შესწავლა გამოცდილი ექპერტების მონაწილეობით, იტყობინება რუსეთის საპატრიარქო.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დეკემბრის დასაწყისში წერილით ამცნო საერთაშორისო საზოგადოებას ეკლესიაზე განხორციელებულ "ვანდალური აქტის“ შესახებ.
“ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ე.წ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, სრულიად დაირღვა ძეგლის ავთენტურობა,“– ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში, "ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოიწვია ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი თავისებურებების მოშლა. ტაძარს დააშენეს რუსული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი ე.წ. “ხახვისთავიანი” გუმბათი. გარე ფასადი, მათ შორის აღმოსავლეთ კედელი, სადაც განთავსებული ქართული დამწერლობით შესრულებული ხუთი ლაპიდარული წარწერა თეთრადაა გადაღებილი, თაღები კი წითლადაა შეღებილი. ტაძარს დამატებული აქვს ქართული არქიტექტურისთვის სრულიად უცხო სხვადასხვა რელიეფური ელემენტები“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)