Site icon Civil.ge

სააკაშვილი რუსეთის მხრიდან “ფიზიკური ანგარიშსწორების“ საფრთხეზე საუბრობს

რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ერთადერთი რაც გამოსაყენებელი დარჩა არის "პოლიტიკური მკვლელობები“ და "პირდაპირი ფიზიკური ანგარიშსწორება“ მას შემდეგ, რაც "ვერ შეასრულა ვერცერთი თავისი სტრატეგიული მიზანი საქართველოსთან მიმართებაში“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 27 დეკემბერს.

“ეს ძალა და კონკრეტულად მისი ლიდერი სპეციალიზირდება პოლიტიკურ ძალადობაში და მის სახელს უკავშირებენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მომხდარ პოლიტიკურ მკვლელობებს,“– განაცხადა სააკაშვილმა დაცვის სამსახურში წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე გამოსვლისას.

“მას შემდეგ, რაც ყველაფერი გამოსცადეს საქართველოს მიმართ, ერთადერთი რაც მათ რჩებათ ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ტერორი, პირდაპირი ფიზიკური ანგარიშსწორება,“– განაგრძო მან, "მითუმეტეს, რომ ამ ძალის ლიდერმა ორი წლის წინ საჯაროდ, მთელი მსოფლიოს გასაგონად დაიფიცა, რომ ის ამას გააკეთებს. ჩვენ შემთხვევაში არ დაუმალია და არც უარუყვია – ამბობს რომ ამას გააკეთებს და ეს აქვს დაფიცებული და მისი ღირსების საკითხია, რომ ეს გააკეთოს“.

“ამიტომ, მეგობრებო, ვინაიდან დაცვის ხაზი გადის ახლა აქაც, ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად იმიტომ, რომ ჩვენი პასუხი ისტერიაზე და ისტერიულ მუქარებზე უნდა იყოს სიმშვიდე, ცივსისხლიანობა, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ ფხიზლად და პროფესიონალურად და ჩვენ მას გავაკეთებთ, როგორც ვაკეთებდით აქამდე,“– მიმართა სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს.

“ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ არცერთი მზაკვრული გეგმა საქართველოს წინააღმდეგ არ აღდგეს, არაფერი რაც გამოუთხრის ძირს საქართველოს სახელმწიფოებრიობას არ განხორციელდეს,“– აღნიშნა მან.

მისი თქმით, საქართველოს „ყოველდღიურად ემუქრება“ ძალა, რომელმაც ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია საქართველოსთან მიმართებაში.      

“ჩვენ გვიპირისპირდება ძალა, საქართველოს ტერიტორიის ნაწილი აქვს ოკუპირებული ძალას, რომელიც არის ყველაფერზე წამსვლელი,“– განაცხადა სააკაშვილმა და განაგრძო, "მან სცადა უკვე ყველაფერი: 

“და მან სცადა ბოლო ხანებში სხვადასხვა დივერსიების მოწყობა. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ, მათ შორის საქართველოს ოკუპანტთან ამ ყველა აქტის გამოძიებაში და თქვენ ნახეთ რომ მათი მხრიდან მივიღეთ უკმეხი პასუხი, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ის ვარაუდები, თუ ვის მიერ იქნა ეს ყველაფერი ორგანიზებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ჩვენი მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ,“– აღნიშნა მან.

სააკაშვილს მხედველობაში ჰქონდა ბოლო ოპერაცია საქართველოში შემოდგომაზე მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით, რომლის უკანაც შსს–ის თქმით, აფხაზეთში მომსახურე რუსი ოფიცერი დგას. საქართველომ რუსეთს გამოძიების საქმეში თანამშრომლობისკენ მოუწოდა, თუმცა მოსკოვმა ამ საქმეს "დადგმული შოუ“ და "ქართული სპეცსამსახურების არაპროფესიონალური ნამუშევარი“ უწოდა.

იმავდროულად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ფიცის დადების ცერემონიაზე ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები "ყველაზე მაღალი ნდობის სახელმწიფო ინსტიტუტია“, რომელსაც "ერთ–ერთი ყველაზე მაღალი ავტორიტეტი აქვს მსოფლიოში“. 

“ჩვენი შეიარაღებული ძალები არ შეეგუვნენ ორი წლის წინ, ბევრად უფრო მრავალრიცხოვან მომხდურ მტერთან შერკინებას, როგორც ეს არაერთხელ მოხდა საქართველოს ისტორიაში და ის, რომ დღეს საქართველოს დედაქალაქი დგას, ის რომ საქართველო აგრძელებს განვითარებას, ის რომ საქართველო აღდგა ლაზარესავით მკვდრეთით, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არავის არ ეგონა ეს მსოფლიოში, პირველ რიგში, იმ ბიჭების დამსახურებაა, ვინც გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე, შეაჩერეს თუნდაც იმ რამდენიმე დღით მრავალგზის აღმატებული მომხდური მტრის ძალა,“– აღნიშნა მან.

“ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარება, ამგვარად უმნიშვნელოვანესია, ქვეყნის გადარჩენისთვის, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის,“– განაცხადა სააკაშვილმა.

“ჩვენი ქვეყანა იმყოფება ბრძოლაში თავისი არსებობისთვის. ჩვენ გამოგვიცხადა ომი ბევრად უფრო დიდმა სახელმწიფომ, რომელსაც აქვს ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები, ადამიანური ღირსება, მათ შორის ასევე სიცოცხლის უფლებაც და რომელიც ყოველდღიურად ემუქრება ქართულ სახელმწიფოებრიობას, საქართველოს თავისუფლებას“. 

"ჩვენ ჰიმნში არის სიტყვები "თავისუფლება დღეს ჩვენი“ და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თავისუფლება დღეს ჩვენი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება და თავისუფლება დღეს ჩვენი არის მუქარის და საფრთხის ქვეშ. პირველი დამცველი ამ თავისუფლების ხართ თქვენ,“– მიმართა მან წვევამდელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)