Site icon Civil.ge

სააკაშვილი ქართული იდენტურობის შენარჩუნებაში პატრიარქის წვლილზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს "ძალიან დამსახურებული, ძალიან დიდი ქართველი მოღვაწე“ უწოდა, რომელსაც, მისი თქმით, ილია ჭავჭავაძის მსგავსად, დიდი წვლილი მიუძღვის ქართული იდენტურობის შენარჩუნებაში.  

"მე მინდა გავიხსენოთ ყველამ 1977 წელი, როცა 33 წლის წინ მისი უწმინდესობა ჩაუდგა სათავეში ჩვენს ეკლესიას. ეს იყო წლები, როცა პარტიული ნომენკლატურის ერთი ნაწილის შვილები მკაცრად დადიოდნენ მხოლოდ რუსულ სკოლებში, როცა ყველანაირად წახალისებული იყო ყველაფერ ქართულზე უარის თქმა… პრაქტიკულად ხდებოდა ჩვენი იდენტურობის საყოველთაო შევიწროვების პროცესი… და ამ დროს ჩვენი ეკლესიის სათავეში მოდის ადამიანი, რომელსაც წესით არ უნდა ქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი უკან შემოებრუნებინა,“– განაცხადა სააკაშვილმა 29 დეკემბერს. 

“მთავარი, რის გამოც საქართველო აგრძელებს განვითარებას… არის ის, რომ საქართველომ შეინარჩუნა, განსხვავებით ძალიან ბევრი კოლონიზირებული, დამონებული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისგან – პრაქტიკულად ყველა სხვისგან, მოდის გულწრფელად ვთქვათ, შეინარჩუნა ძალიან ძლიერი იდენტურობა, რომელიც განასხვავებს მას იმპერიული კულტურისგან და იმპერიული მემკვიდრეობისგან; რომელიც აძლევს მას საშუალებას, რომ მაინც დადგეს ფეხზე, გაწიოს წინააღმდეგობა და აჩვენოს ალტერნატიული განვითარების მაგალითი, რაც ნიშნავს იყო შინაგანად თავისუფალი, წელში გამართული, სრულფასოვანი ერი“.

“და ამ ყველაფრის, იდენტურობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ეკლესია, მაგრამ ჩვენი ეკლესია თავისთავად ვერ იქნებოდა, თუ არა მისი წინამძღოლი,“– განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, როგორც ილია ჭავჭავაძემ შეძლო მე–19 საუკუნეში მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე დაფუძნებული ”ახალი ქართული იდენტურობის” ჩამოყალიბება, "ზუსტად ასე, როცა 70–იან წლებში ყველაზე მეტად დაემუქრა საფრთხე საქართველოს იდენტურობას, მოვიდა მეორე ილია – ილია მეორე, რომელმაც ზუსტად იგივე გააკეთა, თუ კარგად დავუფიქრდებით და გავაანალიზებთ რა მოხდა 70–იან წლებში“.

მისი თქმით, ილია მეორე, ასაკის მიუხედავად "ძალიან ახალგაზრდაა”, რადგან ადამიანის ასაკი განისაზღვრება იმით თუ ”რამდენად შეუძლია მას აუწყოს ფეხი ახალ ცხოვრებას“.

ეს განცხადებები სააკაშვილმა ქუთაისში განახლებული ოპერის თეატრის გახსნისას გააკეთა, რომელსაც ასევე ესწრებოდა პატრიარქი.

სააკაშვილმა ილია მეორეს თანამედროვე ქართული ხატწერის და სასულიერო მუსიკის შექმნისა და განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გადასცა.

“მე პირადად წლების განმავლობაში ვუსმენდი მის ნაწარმოებებს და არ ვიცოდი წლების განმავლობაში, რომ ავტორი იყო მისი უწმინდესობა, იმდენად ორგანულია, იმდენად საინტერესოა და ყოველთვის მეგონა, რომ ეს არის მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო კლასიკური ან რომელიმე კომპოზიტორის შემოქმედება,“– განაცხადა სააკაშვილმა პატრიარქის საგალობლებზე საუბრისას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)