დნესტრისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში გაჭიანურებული კონფლიქტები, ასევე სიტუაცია საქართველოში ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის პრიორიტეტებს შორის იქნება, განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდრონიუს აჟუბალისმა.
1 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს ახალმა მოქმედმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პრიორიტეტებს შორის ასევე იქნება დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტალური თავისუფლებების, მედიის თავისუფლების ხელშეწყობა, ასევე ევროპაში ენერგო–უსაფრთხოების და რეგიონალური ორგანიზაციების თანამშრომლობის ხელშეწყობა.
"რეგიონალური თანამშრომლობა ასევე მნიშვნელოვანია არასტაბილურ რეგიონებში გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და შესაძლოა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ეუთოს სივრცეში გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში,“ – განაცხადა აჟუბალისმა, "ჩვენ ვიმუშავებთ ნამდვილი უსაფრთხოების თანამეგობრობის შესაქმნელად, სადაც არ იქნება გამყოფი ხაზები, სადაც ვალდებულებები შესრულდება, ძალის გამოყენება დაუშვებელი იქნება და მოხდება ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტალური თავისუფლებების სრული პატივისცემა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)