Site icon Civil.ge

საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დახმარების მეორედ მიღების შესაძლებლობა გაუჩნდა

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ (MCC) 5 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოს შესაძლებლობა მიეცა შეიმუშაოს წინადადება ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში საგრანტო პაკეტის მისაღებად.

295.3 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ხუთწლიანი დახმარების პირველ პროგრამას საქართველოსა და აშშ–ს შორის 2005 წლის სექტემბერში მოეწერა ხელი. პროგრამის ფარგლებში 2008 წელს დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო.

"შეხვედრაზე საბჭომ განა და საქართველო შეარჩია, რათა მათ ახალი შეთანხმებებისთვის წინადადებები შეიმუშაონ. [დახმარების] მეორე პაკეტი დამოკიდებულია პირველი შეთანხმებების წარმატებით დასრულებაზე, წარმატებული კურსის განხორციელებაზე, იმ წინადადებების შემუშავებაზე, რომელთაც მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნიათ, რათა ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას და სიღარიბის შემცირებას, და დაფინანსების ხელმისაწვდომობას,“ – განაცხადა ათასწლეული გამოწვევის კორპორაციამ დირექტორთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ.

პირველი დახმარების ძირითადი ნაწილი მოხმარდა სამცხე–ჯავახეთის გზის რეაბილიტაციას (209 მილიონი აშშ დოლარი); ჩრდილოეთ–სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაციას (49.5 მილიონი აშშ დოლარი) და სხვადასხვა რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს (57.7 მილიონი აშშ დოლარი).

საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსპიკერმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ ახალი დახმარების პაკეტის პრიორიტეტები ჯერ დასადგენია. თუმცა, მან აღნიშნა, რომ თანხის ნაწილი ბათუმში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას და განვითარებას მოხმარდება.

"მინდა პრემიერ–მინისტრის და საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს ამ გაწეული დახმარებისთვის,“ – განაცხადა მჭედლიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)