Site icon Civil.ge

თბილისი მიესალმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 11 იანვარს, რომ საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომის შემდეგ შეტანილი 1 549 სარჩელის დახურვის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ შეტანილი განაცხადები "მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს“.

„სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი განაცხადები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს,“ – განაცხადა საგარეო უწყებამ.  

სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა 10 იანვარს, რომ დეკემბერში გადაწყვიტა საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომის შემდეგ შეტანილ 1 549 სარჩელი დახუროს მას შემდეგ, რაც ვერ მიიღო საქმეზე მოთხოვნილი ინფორმაცია.

ეს 1 549 საქმე იმ 3 300–ზე მეტი სარჩელის ნაწილია, რომელიც ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებმა საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომის შემდეგ შეიტანეს. მათ შორის ასევე არის რამოდენიმე რუსი სამხედრო მოსამსახურის მიერ შეტანილი სარჩელიც, რომლებიც ომამდე და ომის განმავლობაში ცხინვალში რუსეთის სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში მსახურობდნენ.

იმავდროულად, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაგმეს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება და იგი ადამიანის უფლებების მიმართ "უსამართლო“ და "უპატივცემულო“ დამოკიდებულებად შეაფასეს. სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრის მურატ ჯიოევის განცხადებით, გადაწყვეტილების "პოლიტიზირება“ მოხდა, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილ "დანაშაულებზე თვალის დახუჭვას“. თუმცა, სეპარატისტული მთავრობის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ჯიოევი არ საუბრობს იმაზე, თუ რატომ ვერ მოახერხეს მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა ევროპის სასამართლოს მოთხოვნაზე პასუხის გაცემა, რამაც გამოიწვია სარჩელების დახურვა.    

 

This post is also available in: Русский (რუსული)