Site icon Civil.ge

ირანთან უვიზო მიმოსვლა 26 იანვრიდან დაიწყება

საქართველოსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეთათვის 26 იანვრიდან ძალაში შედის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მეორე მხარის ტერიტორიაზე 45 დღემდე ყოფნის უფლებით, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

“თითოეული მხარის მოქალაქე სარგებლობს მეორე მხარის ტერიტორიაზე მრავალჯერადი შესვლის, ტერიტორიიდან გასვლის და საერთაშორისო მიმოსვლისათვის განკუთვნილი საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით ტრანზიტის და ასევე მეორე მხარის ტერიტორიაზე დროებითი ყოფნის უფლებით,“– ნათქვამია სამინისტროს ცნობაში.

ამავე ინფორმაციის თანახმად საქართველოსა და ირანის მოქალაქეებს ვიზის ან საჭირო ნებართვის მიღება მხოლოდ მას შემდეგ დასჭირდებათ, რაც ისინი მეორე მხარის ტერიტორიაზე 45 დღეზე მეტი ხნით დარჩებიან.

ორ ქვეყანას შორის ვიზების ორმხრივად გაუქმების შესახებ შეთანხმებას 3 ნოემბერს მოეწერა ხელი. იმავე თვეში  თბილისსა და თეირანს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლაც აღდგა.

This post is also available in: Русский (რუსული)