საქართველოს ეკონომიკური გამოჯანსაღება ძალას იკრეფს, რასაც "მოსალოდნელზე უკეთესი” ეკონომიკური ზრდაც ადასტურებს, თუმცა "კვლავ რჩება უარყოფითი საშუალო ვადიანი გარე რისკები,“ რაც ასევე უკავშირდება უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემოდინებასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ).
სსფ–ს აღმასრულებელმა საბჭომ 12 იანვარს დაასრულა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მეშვიდე და მერვე მიმოხილვა და 2008 წლის სექტემბერში დაწყებული პროგრამის ფარგლებში მორიგი ტრანში – 153 მილიონი აშშ დოლარი – გამოყო. პროგრამის საწყისი მოცულობა 750 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რომელიც ფონდმა 2009 წელს დაახლოებით 1 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, ხოლო მისი ხანგრძლივობა 2011 წლის ივნისამდე გააგრძელა.
სსფ–ს თქმით, საქართველოს მთავრობამ მიანიშნა რომ ჯერ არ აპირებენ გამოყოფილი თანხის მოზიდვას.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა 13 თებერვალს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს ამ გამოყოფილი თანხის ათვისება ნებისმიერ დროს შეუძლია, თუმცა ჯერ ამის საჭიროება არ არის.
სსფ მიესალმა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას დაემატებინა გამონაკლისები იმ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, რომელიც საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების ახალი სახის შემოღებასა ან ზღვრული განაკვეთის გაზრდას რეფერენდუმის გზით ითვალისწინებს.
პარლამენტმა შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილება მესამე და საბოლოო მოსმენით 15 დეკემბერს მიიღო.
საწყისი პროექტისგან განსხვავებით, საბოლოო ვერსია შეიცავს დათქმას, რომლის თანახმადაც ორგანული კანონი დაადგენს იმ გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც მთავრობას გადასახადის გაზრდა ან ახლის შემოღება რეფერენდუმის გარეშეც შეეძლება. ცვლილება ძალაში 2013 წლის ბოლოს შევა.
სსფ-ის განცხადებით ასეთი დათქმის გაკეთება ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას ხელისუფლების მეტ მოქნილობას შეუწყობს ხელს.
სსფ ასევე მიესალმა საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას 2011 წელს ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით; ფონდის თქმით, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც მშპ–თან მიმართებაში 2.5%-იანი დეფიციტის შემდგომ შემცირებას ითვალისწინებს, შესაბამისობაში მოდის მთავრობის მიზანთან, რომელიც ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას გულისხმობს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ მართალია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ბოლოდროინდელი ზრდა და სარეზერვო მოთხოვნების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება 2011 წელს ინფლაციის შემცირებას დაეხმარება, "ხელისუფლება მზად უნდა იყოს, რომ შემდგომშიც გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა იმ შემთხვევაში, თუ კვლავ შენარჩუნდება ინფლაციური ზეწოლა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)