საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე მესამედ დატოვა უცვლელად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5%–ზე.
18 იანვარს გამართული შეხვედრის შემდეგ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ "ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი წლის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში შენარჩუნდება და შემდეგ დაიწყებს შემცირებას“.
2010 წლის ბოლოს წლიურმა ინფლაციამ 11.2 პროცენტი შეადგინა.
ეროვნულმა ბანკმა განაცხადა გასულ თვეში, რომ მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების მიზნით მიღებულია გადაწყვეტილება უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო ნორმის ეტაპობრივად, 15%–მდე გაზრდის შესახებ და რომ დასაწყისისთვის, 20 იანვრიდან აღნიშნული სარეზერვო ნორმა 10%–მდე გაიზრდებოდა.
18 იანვარს ბანკმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 17 თებერვლიდან 15%–მდე გაიზრდება სარეზერვო მოთხოვნა უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) განაცხადა გასულ კვირას, რომ მართალია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ბოლოდროინდელი ზრდა და სარეზერვო მოთხოვნების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება 2011 წელს ინფლაციის შემცირებას დაეხმარება, მაგრამ "ხელისუფლება მზად უნდა იყოს, რომ შემდგომშიც გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა იმ შემთხვევაში, თუ კვლავ შენარჩუნდება ინფლაციური ზეწოლა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)