Site icon Civil.ge

წყაროს ცნობით, რუსეთმა მორიგი სარაკეტო კომპლექსი განათავსა ცხინვალის რეგიონში

რუსეთმა "Точка-У"–ს ტიპის ოპერატიულ–ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის დივიზიონი განათავსა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ მის სამხედრო ბაზაზე, იუწყება "ინტერფაქსი“ 24 იანვარს რუსეთის სამხრეთ ფედერალური ოლქის ძალოვანი სტრუქტურების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

"გვარდიის დივიზიონის გარდა, რომელიც აღჭურვილია ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა „სმერჩით“, სამხრეთ ოსეთში განთავსდა 120 კილომეტრამდე მოქმედების არეალის მქონე კომპლექსი "Точка-У", – განაცხადა სამხედრო წყარომ.

მისი თქმით, ქართული სპეცსამსახურები ინფორმირებულები არიან ცხინვალის რეგიონში სარაკეტო იარაღის თავმოყრით, რომელთაც „თავიანთი ტაქტიკურ–ტექნიკური მონაცემებით ეფექტურად შეუძლიათ მოიგერიონ ნებისმიერი აგრესია თბილისის მხრიდან“. 

დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთმა ცხინვალთან ახლოს "სმერჩის“ რეაქტიული სისტემით შეიარაღებული საარტილერიო დივიზიონი განალაგა, რაც ოფიციალურმა თბილისმა დაგმო და განაცხადა, რომ „რუსეთის მხრიდან მომდინარე სამხედრო საფრთხის ალბათობა მკვეთრად მატულობს“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)