Site icon Civil.ge

საქართველომ და სომალიმ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

26 იანვარს საქართველომ და სომალიმ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები დაამყარეს, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ოქმს, რომლის თანახმადაც "მხარეები იხელმძღვანელებენ სუვერენული თანასწორობის, მეგობრული ურთიერთობების, ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის პრინციპებით", ხელი მოაწერეს გაეროში საქართველოსა და სომალის მუდმივმა წარმომადგენლებმა ალექსანდრე ლომაიამ და ელმი აჰმედ დუალემ, რომელთაც ამის შესახებ გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს აცნობეს.

სომალი 24–ე სახელმწიფოა, რომელთანაც საქართველომ ბოლო ერთი წლის მანძილზე დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა.

წელს საქართველომ ანალოგიური ოქმი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან გააფორმა, ხოლო შარშან: ბრუნეისთან; მალდივის რესპუბლიკასთან; მარშალის კუნძულებთან; ფიჯისთან, სამოასთან; დომინიკის რესპუბლიკასთან; დომინიკის თანამეგობრობასთან, გვატემალასთან; პარაგვაისთან; პერუსთან; სენტ–ლუსიასთან; სენტ–ვინსენტთან და გრენადინებთან; ბოტსვანასთან; გამბიასთან; კაბო–ვერდესთან; კომოროსთან; ეკვატორულ გვინეასთან; კენიასთან; ლიბერიასთან; სენეგალთან, უგანდასთან და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)