Site icon Civil.ge

2010 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21%–ით გაიზარდა

2010 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6.67 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 21%–ით მეტია, ხოლო 2008 წლის მონაცემზე 14%–ით ნაკლებია, განაცხადა "საქსტატმა" 24 იანვარს.

შარშან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3.51 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9%–ით აღემატება 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2010 წელს ექსპორტის მოცულობა 1.58 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი – 5 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებზე, შესაბამისად, 40% და 17%–ით მეტია. 2008 წელთან შედარებით კი შარშან იმპორტი 19%–ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 6%–ით გაიზარდა.

საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები შარშან 138 ქვეყანასთან ჰქონდა, მაგრამ მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67% შეადგინა შემდეგი ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა: თურქეთი – 1.1 მლრდ აშშ დოლარი, აზერბაიჯანი – 708 მლნ აშშ დოლარი, უკრაინა – 662 მლნ აშშ დოლარი, გერმანია – 361.7 მლნ აშშ დოლარი, ჩინეთი – 358.5 მლნ აშშ დოლარი, აშშ – 353.9 მლნ აშშ დოლარი,  რუსეთი – 313.9 მლნ აშშ დოლარი, სომხეთი – 205.8 მლნ აშშ დოლარი, ბულგარეთი – 193.8 მლნ აშშ დოლარი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 187 მლნ აშშ დოლარი.

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ ფეროშენადნობმა დაიკავა, ექსპორტის 16.7%–იანი წილით და 263.9 მლნ აშშ დოლარით;  მას მოსდევს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 227 მლნ აშშ დოლარით და შავი ლითონების ჯართის ექსპორტი 109 მლნ აშშ დოლარით.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლე ჯგუფის სათავეში ნავთობი და ნავთობპროდუქტებია 694.5 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 309.5 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 188.3 მლნ აშშ დოლარი და ხორბალი – 171.7 მლნ აშშ დოლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)