ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა "საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების“ სახელწოდებით ცნობილი საკითხის მონიტორინგს ორივე ქვეყნის მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული უფრო ფართო ვალდებულებების რეგულარული შემოწმების ფარგლებში განახორციელებს.
PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის მიერ გასულ კვირას მიღებული გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ ასამბლეაზე 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ მიღებული სამი რეზოლუციით დაკისრებული ვალდებულებები კვლავ ძალაში რჩება, თუმცა ამ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი ცალკე აღარ განხორციელდება, არამედ ორივე ქვეყნის მიმართებაში არსებული მონიტორინგის პროცედურების ნაწილი გახდება.
ამავე გადაწყვეტილებით, თანამომხსენებლები რუსეთის და საქართველოს საკითხებზე, PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობითა და კოორდინაციით, ყოველწლიურად წარუდგენენ კომიტეტს ერთობლივ "საინფორმაციო შეტყობინებას“. ეს საინფორმაციო შეტყობინება უნდა ასახავდეს კონფლიქტთან დაკავშირებულ მოვლენებს და თანათავმჯდომარეთა დასკვნებს ასამბლეის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.
მონიტორინგის კომიტეტის გადაწყვეტილებით, საინფორმაციო შეტყობინებას კომიტეტი სპეციალურ სხდომაზე განიხილავს.
გასულ წელს საქართველოს დელეგაციამ PACE-ში მკაცრად გააკრიტიკა ანალოგიური შემოთავაზება, რომელიც ითვალისწინებდა ერთიანი მონიტორინგის ფორმატის დაყოფას და მიბმას, შესაბამისად, საქართველოსა და რუსეთის ცალ–ცალკე არსებულ სხვა ვალდებულებებთან ევროპის საბჭოს წინაშე; ეს შემოთავაზება ქართველმა დეპუტატებმა საკითხის დაქვეითების მცდელობად შეაფასეს. თუმცა, ამჯერად, საქართველოს დელეგაცია მიესალმა ამ გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ რუსეთის ვალდებულებები კვლავ ძალაშია და მათი მონიტორინგი ხორციელდება, მათ შორის მონიტორინგის კომიტეტის სპეციალური სხდომის მეშვეობით.
PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის გადაწყვეტილებას რუსული დელეგაციის წევრებიც მიესალმნენ.
2008 წლის ოქტომბრის შემდეგ ასამბლეა განიხილავდა საკითხს, რომელიც PACE–ში "საქართველოს და რუსეთს შორის ომის შედეგების“ სახელწოდებითაა ცნობილი. PACE–მ 2008 წლის ოქტომბერში ომის შედეგებზე მიიღო რეზოლუცია, სადაც სხვა საკითხებთან ერთად მოუწოდა რუსეთს უარი თქვას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. მას შემდეგ PACE–ს მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს და რუსეთის მიერ რეზოლუციის პირობების შესრულებას ადევნებს თვალს. იმავე საკითხზე მოგვიანებით PACE–მ კიდევ ორი რეზოლუცია მიიღო – ერთი 2009 წლის იანვარში, ხოლო მეორე 2009 წლის სექტემბერში. ბოლო დოკუმენტი მოუწოდებდა რუსეთს 2009 წლის ბოლომდე შეესრულებინა რეზოლუციით დაკისრებული ვალდებულებები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)