საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობს, განაცხადა, რომ აშშ–ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან (MCC) მოსალოდნელი დახმარების ახალი პროგრამის ზუსტი ჯამური ოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ეს თანხა 150 მილიონი დოლარიდან 250 მილიონ დოლარამდე იქნება.
მისი თქმით, საქართველო აპირებს რამდენიმე პროექტის წარდგენას, მათ შორისაა ბათუმში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა; სამცხე–ჯავახეთისა და აჭარის დამაკავშირებელ გოდერძის უღელტეხილზე გზის რეაბილიტაცია; ასევე "ჯანდაცვის პროექტი ანუ ამერიკული საავადმყოფო საქართველოში“.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ 5 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოს შესაძლებლობა მიეცა შეიმუშაოს წინადადება ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში მეორე საგრანტო პაკეტის მისაღებად.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის თქმით, მეორე პაკეტი დამოკიდებულია „პირველი შეთანხმებების წარმატებით დასრულებაზე, წარმატებული კურსის განხორციელებაზე, იმ წინადადებების შემუშავებაზე, რომელთაც მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნიათ, რათა ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას და სიღარიბის შემცირებას“.
295.3 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ხუთწლიანი დახმარების პირველ პროგრამას საქართველოსა და აშშ–ს შორის 2005 წლის სექტემბერში მოეწერა ხელი. პროგრამის ფარგლებში 2008 წელს დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო.
პირველი დახმარების ძირითადი ნაწილი მოხმარდა სამცხე–ჯავახეთის გზის რეაბილიტაციას (209 მილიონი აშშ დოლარი); ჩრდილოეთ–სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაციას (49.5 მილიონი აშშ დოლარი) და სხვადასხვა რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს (57.7 მილიონი აშშ დოლარი).
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)