პრეზიდენტი სააკაშვილი 5 თებერვალს გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდა მიუნხენში, 4–6 თებერვალს მიმდინარე უსაფრთხოების 47–ე კონფერენციის ფარგლებში.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 40-წუთიანმა შეხვედრამ ”მეგობრულ და თბილ ატმოსფეროში” ჩაიარა.
”გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ, უპირობოდ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შეხვედრისას, მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხები განიხილეს. ანგელა მერკელმა ქართულ მხარეს განუმარტა, რომ რუსეთთან დიალოგის დროს, მუდმივად აყენებს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების საკითხს,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ შეხვედრამდე განუცხადა ჟურნალისტებს მიუნხენში: “ჩვენ გერმანულ მხარეს კიდევ ერთხელ ვთხოვთ დახმარებას, რათა მოუწოდოს რუსეთის ფედერაციას იმ ვალდებულებების შესრულებისკენ, რაც მათ აქვთ აღებული.“
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით შეხვედრისას ასევე ისაუბრეს საქართველოს შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)