Site icon Civil.ge

სახალხო დამცველი ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის დარბევის შესახებ

28 იანვარს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მდებარე ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის შენობის დარბევაში არასრულწლოვანები მონაწილეობდნენ, რაც, სახალხო დამცველის განცხადებით, სერიოზული დაფიქრებას საჭიროებს იმაზე თუ როგორ უნდა მოხდეს მოზარდებში შეუწყნარებლობის დაძლევა.

ომბუდსმენის მიერ 7 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკლესიაში მისულ მრევლს დარბევის შედეგად, რაც ბოლო სამი თვის განმავლობაში უკვე მეორე ანალოგიური შემთხვევაა, შენობის კორიდორში ფეკალური მასები დახვდა, საეკლესიო ნივთები და სხვადასხვა ტიპის ინვენტარი გადმოყრილი და დაზიანებული იყო.

ადგილობრივმა პოლიციამ დაადგინა, რომ დარბევაში 11–12 წლის მოზარდები მონაწილეობდნენ, რომელთაც, სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის ინფორმაციით, ბაპტისტური ეკლესიის მრევლის წინაშე "ბოდიში მოიხადეს“, თუმცა უარყვეს შარშან, 19 ნოემბერს მომხდარ წინა დარბევაში მონაწილეობა, რომლის გამოძიების შედეგებიც დღემდე უცნობია. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ასევე გამოუძიებელი რჩება ამავე სოფელში 2002 წელს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის შენობის გადაწვის ფაქტი.

"უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ამგვარ ფაქტებს სამართალდამცველების მხრიდან, აუცილებელია სიღრმისეულად მოხდეს ყველა ფაქტორის შესწავლა, რაც შესაძლოა ზეგავლენას ახდენდეს და უბიძგებდეს მოზარდებს ძალადობისაკენ, რადგან არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ არასრულწლოვნები ადვილად მოექცნენ ზეგავლენის ქვეშ და შესაძლოა ადგილი ქონდეს ძალადობრივი ქმედების განხორციელების წაქეზებასაც,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

"როდესაც შეუწყნარებლობა ამ ასაკის ბავშვებში ასე მძაფრად ვლინდება და ვანდალური ქმედებების ხასიათს იღებს, გაცილებით  სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს მთლიანად საზოგადოების, სასწავლო დაწესებულებებისა თუ ზოგადად სახელმწიფოს მიერ ამ პრობლემის გასაჭრელად ან მოსაგვარებლად… აუცილებელია, გადაიდგას პრევენციული ნაბიჯები, გატარდეს საფუძვლიანი საგანმანათლებლო სამუშაო მოზარდებში ტოლერანტობის კულტურის გასაღმავებლად,“ – ნათქვამია განცხადებაში. 
  
"მინდა მოვუწოდო მოზარდებს, მათ ოჯახებს, სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს, გააცნობიერონ, რამდენად დიდია შეუწყნარებლობის პროპაგანდის საფრთხე და რამდენად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელიც ხელს შეუწყობს მოზარდებში განსხვავებულისადმი ნეგატიური სტერეოტიპების აღმოფხვრას და ტოლერანტული გარემოს განმტკიცებას,“ – აღნიშნა ტუღუშმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)