გამარჯვებული მემორიალის ესკიზი სახელწოდებით "ამაოებას არ ამოება", რომელიც გორში აღებული სტალინი ძეგლის ნაცვლად დაიდგმება. ფოტო: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. |
ქალაქ გორის ცენტრში, სტალინის ძეგლის ნაცვლად, რომელიც ხელისუფლებამ ივნისში აიღო, დაიდგმება ახალი მემორიალი სახელწოდებით "ამაოებას არ ამოება“.
კონკურსში წარმოდგენილი 42 ნამუშევრიდან ამ პროექტის გამარჯვების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 8 თებერვალს გამოაცხადა.
კონკურსი სახელწოდებით "2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომში და, ასევე, სტალინური საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის ესკიზური პროექტი“ ნოემბერში ხელმეორედ გამოცხადდა, რადგან ივნისში გამოცხადებული კონკურსის შედეგად გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.
მემორიალის ავტორები არიან თამარ კვესიტაძე და პაატა სანაია.
სტალინის ძეგლი ხელისუფლებამ გორის ცენტრალური მოედნიდან 25 ივნისს შუაღამისას აიღო და მისივე მუზეუმში გადაიტანა. ამ ქმედებამ საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა, ნაწილი კი მიესალმა ხელისუფლების გადაწყვეტილებას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)