თბილისმა და ცხინვალმა 21 თებერვალს შვიდ–შვიდი დაკავებული გაცვალეს. ეს ინფორმაცია ორივე მხარემ გაავრცელა.
გაცვლის პროცესი, რომელიც სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე განხორციელდა, იმ პირებს შეეხოთ, რომლებიც ორივე მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააპატიმრა.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ გაათავისუფლეს ზვიად კობალაძე, დავით კაპანაძე, გიორგი ელბაქიძე, ბექა თოკაძე, ვაჟა თოკაძე, დემურ ჩიხლაძე და მარო პატარაშვილი, ხოლო თბილისმა მათ სანაცვლოდ შემდეგი პირები გაათავისუფლა: ანატოლი ბესტაევი, კაზბეგ ძუგქოევი, ზევინარ კაზიევა, იური ხაჩიროვი, სპარტაკ დრიაევი, ვიტალი ჩოჩიევი და მურმან კაზაევი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ მანამდე ორივე მხარემ თითო–თითო პიროვნება გაათავისუფლა და შედეგად ორივე მხარეს გათავისუფლებულთა რაოდენობამ 8–8 შეადგინა. დღემდე გათავისუფლებული ორი ადამიანი მას შემდეგ გამოუშვეს საპატიმროებიდან, რაც მათი პატიმრობის ვადა ამოიწურა, განუცხადა უტიაშვილმა Civil.ge–ს 21 თებერვალს.
მისი თქმით, ცხინვალში პატიმრობაში კვლავ რჩება ორი ქართველი, ხოლო თბილისს დაკავებული ყავს ორი ოსი და ერთი რუსეთის მოქალაქე. უტიაშვილმა განაცხადა, რომ იგი იმედოვნებს, რომ მალე მოხდება დანარჩენი დაკავებულების გაცვლაც და ეს საკითხი საბოლოოდ მოგვარდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)