სეპარატისტულმა აფხაზეთმა 21 თებერვალს მოსახლეობის აღწერა დაიწყო. რეგიონის მოსახლეობა 90–იანი წლების დასაწყისის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ნახევარზე მეტად შემცირდა.
აღწერის პროცესს, რომელიც 28 თებერვლამდე გაგრძელდება, ძირითადად პედაგოგები ახორციელებენ. რესპოდენტებს 16 კითხვას უსვამენ რუსულენოვანი კითხვარიდან, რომელიც მოიცავს დეტალებს განათლების, ეთნიკური კუთვნილების და დასაქმების შესახებ, იტყობინება "აფსნიპრესი“ აფხაზეთის სტატისტიკის სამსახურის თავმჯდომარის ზოია ავიძბას სიტყვებზე დაყრდნობით. ავიძბას თქმით, აღწერაში არ გაითვალისწინებენ იმ პირებს, რომლებიც 12 თვეზე მეტია არ იმყოფებიან რეგიონში. გაურკვეველია, როდის გამოქვეყნდება შედეგები.
აფხაზეთში 2003 წელს ჩატარებული ბოლო აღწერის თანახმად, სეპარატისტულ რეგიონში 214 000 ადამიანი ცხოვრობდა. თუმცა, აფხაზეთში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია საკამათოა, რადგან სხვა წყაროები სხვადასხვა ციფრს ასახელებენ – 180 000-დან 220 000–ის ფარგლებში.
აფხაზეთის 2005 წლის არჩევნებისთვის დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობაზე (129 127) დაყრდნობით ბრიუსელში არსებულმა კვლევითმა ცენტრმა, კრიზისების აცილების საერთაშორისო ჯგუფმა (International Crisis Group) ივარაუდა, რომ აფხაზეთის მოსახლეობა 157 000–დან 190 000–მდე ადამიანს უნდა შეადგენდეს.
1989 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, რეგიონის მოსახლეობა 525 061–ს შეადგენდა, მათ შორის 239 872 ეთნიკური ქართველი (45.7%), 93 267 აფხაზი (17.8%), 76 541 სომეხი (14.6%) და 74 914 ეთნიკური რუსი იყო (14.3%).
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)