პოლიციამ დიღმის მასივში მდებარე ტელეკომპანია "იმედის“ შენობის მახლობლად 3 ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა და გააუვნებელყო, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
შსს–ს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ ინფორმაცია იმ ეჭვმიტანილებისგან მოიპოვა, რომლებიც ბოლო სამი თვის მანძილზე დააპატიმრეს და რომელთაც თბილისში 2010 წლის შემოდგომაზე რამოდენიმე აფეთქების მოწყობა ედებათ ბრალად. დეკემბერში და თებერვალში პოლიციამ სულ ცხრა ადამიანი დააპატიმრა იმ აფეთქებებთან დაკავშირებით, რომლებიც თბილისმა "რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ ტერაქტებად “ შეაფასა.
ტელეკომპანია "იმედი“ გუშინ გვიან ღამით სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში, სადაც ნაჩვენები იყო მისი ცენტრალური შენობა და პოლიციის მიერ გარშემორტყმული ტერიტორია. ტელეკომპანიამ ასევე რამდენჯერმე გაუშვა ვიდეომასალა, სადაც აფეთქების ხმა ისმის, სავარაუდოდ, გამნაღმელთა მუშაობის შედეგად. "იმედმა“ ასევე განაცხადა, რომ ერთ–ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ჰექსოგენს შეიცავდა, ტელეკომპანიის ავტოსადგომის მახლობლად იქნა აღმოჩენილი, ხოლო მეორე ტელეკომპანიის ცენტრალური შენობიდან, დაახლოებით, 20 მეტრში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)