აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი 24 თებერვალს საქართველოს სტუმრობდა იმ ტურნეს ფარგლებში, რომელიც ასევე მოიცავს ვიზიტებს სომხეთში, აზერბაიჯანში, ალბანეთსა და ბოსნიაში.
თბილისში, სადაც ის ერევნიდან ჩამოვიდა, აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პრეზიდენტ სააკაშვილს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სერგი კაპანაძეს შეხვდა.
”მიხეილ სააკაშვილმა და ჯეიმს სტეინბერგმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის შესახებ. მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობა კიდევ უფრო ღრმავდება,” ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქვეყნის ხელმძღვანელობასთან შეხვედრამდე სტეინბერგმა აშშ–ს საელჩოში შეხვედრა გამართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან გიორგი ტუღუშთან. შეხვედრის შემდეგ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ადამიანის უფლებებთან, სასამართლოსა და მედიასთან, ასევე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
სტენბერგი, რომელსაც საქართველოში თან ახლდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი, თბილისიდან გამგზავრებამდე პრესკონფერენციის გამართვას გეგმავდა, თუმცა ეს პრესკონფერენცია, როგორც აშშ–ის საელჩოში განაცხადეს, ვიზიტის გრაფიკში შესული ცვლილების გამო გაუქმდა.
ეს სტენბერგის მეორე ვიზიტი იყო საქართველოში, თუ არ ჩავთვლით მის ხანმოკლე ვიზიტს თბილისში 2009 წლის ივლისში. შარშან თებერვალში თბილისში სტუმრობისას სტენბერგი ოპოზიციის წარმომადგენლებს და ქვეყნის ხელმძღვანელობას შეხვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)