დედაქალაქის ათასობით მგზავრი დღეს დილით გადაადგილების პრობლემის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ასობით სამარშრუტო ტაქსის მძღოლი გაიფიცა. ისინი სამარშრუტო ტაქსების ხაზების ახალი მფლობელების მიერ შემოთავაზებულ პირობებს აპროტესტებენ.
გაფიცვამ ავტობუსების გადატვირთვა გამოიწვია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც შარშან თბილისის მუნიციპალიტეტმა მათი რაოდენობაც შეამცირა. მერიის სატრანსპორტო სამსახურმა განაცხადა, რომ დამატებით ავტობუსებს გამოყოფს, ვიდრე სამარშრუტო ტაქსების პრობლემა არ მოგვარდება.
სამარშრუტო ტაქსების მძღოლები აცხადებენ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ოთხი კომპანია, რომელთაც დედაქალაქში სამარშუტო ხაზები უნდა აკონტროლონ, მძღოლების ყოველდღიური გადასახადის გაზრდას გეგმავს. ამის გამო, ისინი თხოვენ მძღოლებს 20 თეთრით გაზარდონ მგზავრობის ღირებულება. ამჟამად, სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ღირებულება "მარშრუტკების" უმრავლესობაზე 50 თეთრს შეადგენს.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური წევრები აცხადებენ, რომ ტენდერი ხელისუფლებასთან, კერძოდ კი თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან დაახლოებულმა ბიზნეს ჯგუფმა მოიგო. ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ მან ოფიციალური სატენდერო დოკუმენტაცია მოიპოვა, რომლის თანახმადაც, ოთხივე კომპანიას ერთი და იგივე ადვოკატი ჰყავს, ხოლო სამი მათგანი ტენდერის გამოცხადების შემდეგ ჩამოყალიბდა, ერთი და იმავე მისამართზე დარეგისტრირდა და ერთი ნოტარიუსის მომსახურებით ისარგებლა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)