Site icon Civil.ge

სააკაშვილმა მმართველ გუნდს ამომრჩეველთან მაქსიმალური სიახლოვისკენ მოუწოდა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 28 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე მმართველ გუნდს ამომრჩეველთან მაქსიმალური სიახლოვისკენ მოუწოდა იმ ფონზე, როცა მზარდი ფასები და უმუშევრობა, მისი თქმით, ბევრად უფრო მძიმე ვითარებისკენ უბიძგებს.
 
“ამ სიტუაციაში მუდმივი ორიენტაცია იმაზე, რომ სახელმწიფომ გადაანაწილოს არსებული მწირი რესურსები, მაქსიმალურად დაეხმაროს ყველაზე გაჭირვებულ ფენებს და ჩვენ ყველანი ვიყოთ ჩვენს ამომრჩეველთან მაქსიმალურად ახლოს და ეს ეხება, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რეგიონებიდან არჩეულ დეპუტატებს, ეს არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ ჩვენ უკეთესი მომავალი შევქმნათ თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის,“– განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა, მათ შორის ნავთობის გაძვირება, "კარგ არჩევანს“ არ ქმნის და "ამ სიტუაციაში ჩვენი ეკონომიკა არა მხოლოდ უნდა მაქსიმალურად გადავარჩინოთ, არამედ შეიძლება გაძლიერებულიც გამოვიდეს, თუ ვიმოქმედებთ გონივრულად, ძალიან ორგანიზებულად და ძალიან მიზანმიმართულად“.

“იმისათვის რომ საქართველო არ აღმოჩნდეს პატარა ნაფოტი, უმწეო ამ მსოფლიო კრიზისის ოკეანეში, ჩვენი ამოცანაა, რომ ვიყოთ მაქსიმალურად დისციპლინირებულები… კიდევ მეტი თავისუფლება მივცეთ ჩვენს ბიზნესს და გავუხსნათ კიდევ მეტი შესაძლებლობები, შევინარჩუნოთ ის მთავარი უპირატესობები, რაც საქართველოს აქვს: არაკორუმპირებული სახელმწიფო, საგადასახადო, სამართალდამცავი სისტემა, კარგი საგადასახადო გარემო, მაგრამ ამავე დროს, ეს კიდევ უფრო გავაღრმავოთ,“– განაცხადა სააკაშვილმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)