აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ ტერმინის "ოკუპირებული“ გამოყენება სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში არ ნიშნავს "პროვოკაციას" და ეს მხოლოდ ადგილზე არსებული ვითარების შეფასებაა.
გორდონის თქმით აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც გამოიყენა ეს ტერმინი. ”ჩვენ არ ვიცით, სხვა რა დავარქვათ ამას,“ – განაცხადა მან 3 მარტს ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას.
"ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მიგვაჩნია, რომ რუსეთმა არაპროპორციული ძალა გამოიყენა და კვლავ რჩება იქ, რასაც ჩვენ სუვერენულ საქართველოდ მივიჩნევთ. ამ [ტერმინის] გამოყენება პროვოკაცია არ არის, ეს, ჩვენი აზრით, მხოლოდ არსებული ვითარების შეფასებაა,“ – განაცხადა მან, თან იქვე დასძინა, რომ აშშ "ძალიან აქტიურობს ჟენევის მოლაპარაკებებზე, ისევე როგორც რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებში რათა დასრულდეს ის, რასაც ჩვენ სამხედრო ოკუპაციად მივიჩნევთ“.
ამ საკითხზე გორდომა საქართველოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. მან ასევე განაცხადა, რომ ქართველებს არ აქვთ რაიმე საფუძველი იფიქრონ, რომ ვაშინგტონმა მოსკოვთან გადატვირთვის პოლიტიკის სანაცვლოდ უარი თქვა თბილისის მხარდაჭერაზე.
"ჩვენ გარკვეული უთანხმოებები გვაქვს რუსეთთან და არ ვერიდებით მათ გამოხატვას. და ერთ–ერთი მათგანია საქართველო. და ვფიქრობ, ჩვენ მოვახერხეთ უკეთესი ურთიერთობის დამყარება რუსეთთან ბევრ საკითხში, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, არა ჩვენი პრინციპების ან ჩვენი მეგობრების ხარჯზე. საქართველო ერთ–ერთი ჩვენი მეგობარია და ამ ურთიერთობაში რამდენიმე მნიშვნელავანი პრინციპია ჩადებული,“ – განაცხადა გორდონმა.
"ჩვენ ინტენსიური და აქტიური ორმხრივი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხს პირდაპირ რუსებთან ვაყენებთ საკმაოდ ხშირად, ყოველთვის როცა მათ ვხვდებით. ამის გაკეთებისას არ ვყოყმანობთ. ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ამას ოკუპაციად განვიხილავთ,“ – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)