Site icon Civil.ge

თბილისსა და ბათუმში “ტრამპ თაუერების” მშენებლობა იგეგმება

ამერიკელმა ბიზნესმენმა დონალდ ტრამპმა ნიუ–იორკში გამართული ცერემონიის დროს, რომელშიც პრეზიდენტი სააკაშვილიც მონაწილეობდა, ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც საქართველოში, დაახლოებით, 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ორი კომპლექსის, ”ტრამპ თაუერის”, მშენებლობას ითვალისწინებს.

ტრამპი საქართველოში თავისი სახელის ლიცენზირებას განახორციელებს და მისი კომპანია საქართველოში ”ტრამპ თაუერების” მენეჯმენტს განახორციელებს, თუმცა ამ ეტაპზე თავად ტრამპი პროექტებში საკუთარი თანხის ჩადებას არ აპირებს, იტყობინება New York Times-ი.   

"ჩვენ გადავწყვეტთ გვინდა თუ არა ინვესტიციების განხორციელება,“ – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიის, Trump Organization-ის, პარტნიორი საქართველოში Silk Road Group–ია, რომელთანაც ერთად მოხდება პროექტისთვის თანხების მოძიება.

დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობას ვარდების რევოლუციის მოედანზე; და ასევე Trump Riviera–ს მშენებლობას ბათუმში. მშენებლობის დაწყება, რომელიც Silk Road Group–ის ზედამხედველობით განხორციელდება, 2013 წლიდან იგეგმება, იტყობინება New York Times-ი.   

შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დონალდ ტრამპმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა პრეზიდენტ სააკაშვილთან დიდი ბანერის ფონზე წარწერით "ტრამპის ინვესტიცია საქართველოში“.

ტრამპმა შეაქო საქართველო და მისი ხელმძღვანელობა და განაცხადა: "ეს არის ქვეყანა საოცარი ხელმძღვანელობით“. მისი თქმით, იგი ახლა უფრო სერიოზულად, ვიდრე ოდესმე ფიქრობს იყაროს კენჭი  2012 წლის აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში. მან გააკრიტიკა ობამას ადმინისტრაცია და განაცხადა, რომ ივნისისთვის საბოლოოდ გადაწყვეტს მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)