Site icon Civil.ge

ბაქრაძის ვიზიტი ისრაელში გადაიდო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ვიზიტი ისრაელში, რომელიც მომავალ კვირას იგეგმებოდა, გადაიდო. ეს ინფორმაცია მისმა პრესსამსახურმა დღეს დაადასტურა. 

ისრაელის მედია იტყობინებოდა 10 მარტს, რომ ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარემ, რივენ რივლინმა თავის ქართველ კოლეგას ვიზიტის გადადება სთხოვა "შიდა და გარე პოლიტიკური გარემოებების“ გამო, ასევე ნაწილობრივ საქართველოში დაკავებული ისრაელის იმ ორი მოქალაქის საქმის გამო, რომლებიც საქართველოში მოქრთამვის მცდელობის ბრალდებით არიან დაკავებული და რომელთა საქმესაც ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაკა გიგაურმა განაცხადა, რომ ვიზიტის გადადება მხოლოდ ისრაელის შიდა და გარე პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება. 

"ისრაელში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა ქნესეთის წარმომადგენლობა და ითხოვა ვიზიტის გადადება, თუმცა ამის მიზეზად დასახელდა ორი მოტივი: ეს არის ქნესეთში მომდევნო კვირას დაგეგმილი შიდა პოლიტიკური დებატები და მეორე, პალესტინის მხარესთან მოლაპარაკებები; ეს ორი მიზეზი იქნა მათ მიერ დასახელებული,“  – განაცხადა გიგაურმა და დასძინა, ზოგადად ვიზიტების გადადება განსაკუთრებული მოვლენა არ არის.

"ისრაელთან ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. ისრაელიდან გრძელდება საკმაოდ სერიოზული ინვესტიციები და განსაკუთრებით ბოლო დროს ეს უფრო გააქტიურდა,“ – განუცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევრო–ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს 11 მარტს.

"შეიძლება ზოგიერთი ბიზნესმენი იყოს გავლენიანი და ჰქონდეს კავშირები, მათ შორის პარლამენტში… მაგრამ როდესაც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ქრთამს შესთავაზებ მაღალი რანგის პიროვნებას, ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება და ბუნებრივია, შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა იმოქმედონ კანონის მიხედვით,“ – დასძინა მან.  

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)