Site icon Civil.ge

გილაური ებრაელი ბიზნესმენების საქმეზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დაკავებული და განაჩენის მოლოდინში მყოფი ისრაელის ორი მოქალაქის საქმეზე თავის პირველ საჯარო კომენტარში პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ დაისჯება ყველა, ვინც ოფიციალური პირის მოქრთამვას შეეცდება.

"ნებისმიერ ბიზნესმენი თუ ადამიანი თუ ინვესტორი, რომელიც შეეცდება კორუფციულ სქემაში შესვლას, რომელიც შეეცდება მოქრთამვას სახელმწიფო მოხელის, აუცილებლად დაისჯება შესაბამისად; ამას მნიშვნელობა არა აქვს, ვისი მოწვევით იქნება ის – იქნება ეს პრემიერ–მინისტრის მოწვევით, იქნება ეს სხვისი მოწვევით; თუ ის შეეცდება სამთავრობო პირის, მოხელის მოქრთამვას, შეეცდება ქვეყნის ბიუჯეტიდან ფულის გაკეთებას არალეგალურად, აუცილებლად, შესაბამისად დაისჯება,“ – განუცხადა პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებს საპარლამენტო დებატების შემდეგ.

დეპუტატმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან ლევან ვეფხვაძემ გუშინდელი საპარლამენტო დებატების დროს პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურს რონ ფუქსის და მისი პარტნიორის, ზეევ ფრენკელის დაპატიმრებაში მისი სავარაუდო როლის შესახებ პირდაპირი შეკითხვით მიმართა. თუმცა, პრემიერ–მინისტრი ამ საკითხს თავისი გამოსვლის დროს არ შეხებია. გილაურმა ამ თემაზე კომენტარი მხოლოდ დებატების შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

რონ ფუქსი, რომელიც ქართველმა სამართალდამცავებმა თავის პარტნიორ ზეევ ფრენკელთან ერთად ოქტომბერში ბათუმში დააპატიმრეს, აცხადებს, რომ იგი საქართველოში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც პრემიერ–მინისტრისგან მოწვევის წერილი  მიიღო, რათა საქართველოს მთავრობასთან ის მრავალმილიონიანი დავა განეხილა, რომელიც მან საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მოუგო. მისი თქმით, წერილი საქართველოს ხელისუფლების "გეგმის“ ნაწილი იყო, რათა ის საქართველოში შემოეტყუებინათ საკითხის მოგვარების მიზნით, თუმცა ეს ფაქტიურად მახე გამოდგა, რომელიც მის დაპატიმრებას და მრავალმილიონიან მოთხოვნაზე უარის თქმას ისახავდა მიზნად.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსმენის დროს ფუქსის ადვოკატმა პრემიერ–მინისტრის დასაკითხად მისი მოწვევა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)