Site icon Civil.ge

ფუქსს 7 წელი, ფრენკელს 6 წელი და ექვსი თვე მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელის მოქალაქე, ბიზნესმენი რონ ფუქსი დამნაშავედ ცნო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზებაში და მას შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ იმავე საქმეში დამნაშავედ ცნო ისრაელის კიდევ ერთი მოქალაქე ზეევ ფრენკელი, რომელსაც 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფუქსს 500 000 ლარის ოდენობის, ხოლო ფრენკელს 100 000 ლარის ოდენობის ჯარიმების გადახდა დაეკისრათ.   

ორივე მსჯავრდებული უარყოფს ბრალდებებს. სასამართლოზე თავის საბოლოო სიტყვაში რონ ფუქსმა განაცხადა, რომ ის საქართველოს მთავრობის მიერ დაგებული მახის მსხვერპლი აღმოჩნდა, რაც მიზნად ისახავდა იმ მრავალმილიონიან მოთხოვნაზე უარის თქმას, რომელიც მან საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მოუგო.

ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ განაჩენს მას შემდეგ, რაც მოსამართლის საბოლოო დასკვნას გაეცნობიან, რომელიც, დაახლოებით, ორი კვირის ვადაში უნდა მომზადდეს. 

ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა, რომელიც  სასამართლო პროცესზე ბიზნესმენების ინტერესებს იცავდა, საპროცესო გარიგების შესაძლებლობაზე კომენტარი არ გააკეთა.

როგორც ჩანს, საპროცესო გარიგების საკითხი უკვე იქნა მანამდე განხილული. სავარაუდოდ, შესაძლო საპროცესო გარიგებას მოყვება ორი ებრაელი ბიზნესმენის მიერ დანაშაულის აღიარება და ფინანსური ჯარიმის დაკისრება.

გრეგორი კრეიგმა, პრეზიდენტ ბარაქ ობამას ყოფილმა მთავარმა იურიდიულმა მრჩეველმა, რომელიც ფუქსის ადვოკატთა ჯგუფს უწევდა კონსულტაციას და რომელიც იანვარში თბილისში სტუმრობის დროს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, განაცხადა, რომ ფუქსისთვის პატიმრობის მისჯა წამგებიანი იქნება ორივე მხარისთვის, რადგან ამ შემთხვევაში საქართველოს მაინც მოუწევს საერთაშორისო არბიტრაჟში წაგებული თანხის გადახდა. კრეიგმა განუცხადა Civil.ge-ს იანვარში, რომ ამის ნაცვლად უნდა მოიძებნოს რაიმე შუალედური გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მომგებიანი. თუმცა მან მაშინ ასევე განაცხადა, რომ ამის იმედი არ ჰქონდა.

განაჩენის წაკითხვის შემდეგ, მოსამართლემ მიმართა მსჯავრდებულებს, რომ მათ აქვთ უფლება შეწყალებისთვის საქართველოს პრეზიდენტს მიმართონ.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)