
დამფუძნებელი ისრაელ ზივი ხელს ართმევს ქართველ ჯარისკაცს.
Global CST რამდენიმე წლის წინ ქართველი სამხედროების
მომზადებაში მონაწილეობდა.
ისრაელში არსებული, უსაფრთხოების დარგში საკონსულტაციო კომპანიის Global CST–ის დამფუძნებელი და მფლობელი, ისრაელ ზივი სოხუმში იმყოფება, სადაც 14 აპრილს სეპარატისტული რეგიონის ხელმძღვანელობას ხვდება, იტყობინებიან აფხაზური და რუსული საინფორმაციო სააგენტოები.
"აფსნიპრესის“ ინფორმაციით, "ისრაელის შვიდკაციან დელეგაციაში“, რომელსაც ზივი ხელმძღვანელობს, ასევე შედის მეირ კლიფი, Global CST–ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც 2009 წლამდე ისრაელის პრემიერ–მინისტრის ბინიამინ ნეთანიუაჰუს სამხედრო მრჩეველი იყო.
ისრაელ ზივი, გენერალ–მაიორი და ისრაელის გენერალური შტაბში ოპერაციების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, აფხაზეთის პრემიერ–მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა.
"განხილულ იქნა უსაფრთხოების, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები,“ – იტყობინება "აფსნიპრესი“.
უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროებში სტრატეგიის შემუშავების, კონსულტირების, შეიარაღებული და საპოლიციო ძალების მომზადების გარდა, Global CST–ს სამოქალაქო სფეროშიც მოღვაწეობს და კლიენტებს სხვადასხვა დარგებში, მათ შორის სოფლის მეურნეობასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში სტრატეგიის შემუშავებას სთავაზობს.
Global CST–ი ქართული ჯარის მომზადებაშიც მონაწილეობდა, თუმცა როგორც ამას ისრაელში გამომავალი პრესა იტყობინებოდა, კომპანიამ საქართველოში საქმიანობა 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე შეწყვიტა.
გასული წლის ბოლოს Jerusalem Post–ის მიერ კომპანიის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში Global CST–ი აღწერილია, როგორც ”გაჭირვებული ქვეყნებისთვის პრობლემების მომგვარებელი” და "ერთ–ერთი წამყვანი საკონსულტაციო კომპანია“, რომელიც კონსულტაციას უწევს "არა სამხედროებს ან კომპანიებს, არამედ ქვეყნებს“.
სოხუმში Global CST–ის ხელმძღვანელობის ვიზიტს თბილისის რეაქცია ჯერ არ მოყოლია. როდესაც საქართველოს სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილს ჟურნალისტებმა ვიზიტის შესახებ ჰკითხეს, მან განაცხადა: "ეს გადაუმოწმებელი ინფორმაციაა, ამიტომ ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“.
”აფსნიპრესის” ცნობით ზივმა შამბასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მის ვიზიტს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს და რომ ეს სუფთა ეკონომიკური ხასიათის ვიზიტია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)