Site icon Civil.ge

სააკაშვილის თქმით, საქართველოს “კარგი თანამშრომლობა“ აქვს საფრანგეთთან

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს "კარგი თანამშრომლობა“ აქვს საფრანგეთთან მოდერნიზაციის თვალსაზრისით.

“ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გეგმები თანამშრომლობის,“– განაცხადა მან, "საფრანგეთს აქვს მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურა, მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო საინჟინრო გამოცდილება და საფრანგეთი დღეს ყველაზე მეტად ეხმარება ალბათ საქართველოს მოდერნიზაციაში“. 

ეს განცხადება სააკაშვილმა 22 აპრილს ფოთში გააკეთა მას შემდეგ, რაც საქართველოში ვიზიტად მყოფ საფრანგეთის ეკოლოგიის, მდგრადი განვითარების, ტრანსპორტისა და ბინათმოწყობის მინისტრის მოადგილესთან, ტიერი მარიანთან ერთად დაათვალიერა სამოქალაქო რადარი, რომელიც ფრანგულმა კომპანია Thales–მა დაამონტაჟა.

სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების ელექტრონული სისტემების მწარმოებელი კომპანია Thales Group-მა, რომელიც ნაწილობრივ საფრანგეთის სახელმწიფოს მფლობელობაშია, 2008 წლის დეკემბერში „საქაერონავიგაცია“– სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საფუძველზეც ფრანგულმა კომპანიამ თბილისის აეროპორტში ახალი რადარები დაამონტაჟა.

ფოთის რადარი მოემსახურება ფოთის ახალ საერთაშორისო აეროპორტს, რომლის ამუშავებაც, სააკაშვილის თქმით, 2012 წელს იგეგმება და რომელიც "გადაფარავს“  ბათუმს, მესტიას  – იმ დროისათვის "მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ცნობილ სათხილამურო კურორტს“ და ანაკლიას, რომელიც "საქართველოს და მთელი შავი ზღვისპირეთის ყველაზე განვითარებული საზღვაო კურორტი იქნება“.

“ჩვენი გეგმა, რომელიც ეფუძნება იმ მოდერნიზაციას, რომელიც უნდა განვახორციელოთ 2015 წლისთვის, გულისხმობს, რომ 2015 წელს საქართველოში იქნება გაორმაგებული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, გულისხმობს იმას, რომ 2015 წელს საქართველოში იქნება მინიმუმ 5 მლნ ტურისტი და ვვარაუდობთ, რომ ალბათ უფრო მეტიც, გულისხმობს იმას, რომ სრული დატვირთვით იქნება ამუშავებული ჩვენი მთელი საპორტო ინფრასტრუქტურა და ფოთის პორტი გახდება მართლაც ის, რაც უნდა იყოს  – მთავარი კარიბჭე ჩრდილოეთ ჩინეთიდან და შუა აზიის ქვეყნებიდან ევროპის უმეტესი მიმართულებებით,“– განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ფოთი "გარანტია საქართველოს ეკონომიკური წარმატების“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)