Site icon Civil.ge

227 შეწყალებული მსჯავრდებული საპატიმროებს დატოვებს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სულ 266 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 227 დღესვე დატოვებს საპატიმროებს, განაცხადა 23 აპრილს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ.

მისი ინფორმაციით, 24 შეწყალებულ პატიმარს გაუნახევრდა სასჯელის ვადა, ორს მოეხსნა პირობითი სასჯელი, ხოლო 13–ს სასჯელის ვადა შეუმცირდა.

სააღდგომოდ შეწყალებულთა სიაში არ არიან საქართველოში მოქრთამვის ბრალდებით გასამართლებული  ისრაელის ორი მოქალაქე რონ ფუქსი და ზეევ ფრენკელი, რომელთა ოჯახებმაც პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე თხოვნით 20 აპრილს მიმართეს.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დაადასტურა ისრაელის ორი მოქალაქის შეწყალებაზე განაცხადის მიღება, თუმცა აღნიშნა, რომ "ყველა პატიმარი კანონის წინაშე თანასწორია“ და შეწყალებაზე შესულმა ყველა განცხადებამ შესაბამისი პროცედურები უნდა გაიაროს.

“არსებობს რეგულირების წესები, კერძოდ, პირველ რიგში, გამოითხოვება მასალები სასჯელაღსრულების სამინისტროდან, შემდეგ კი გადაეცემა შესაბამის შეწყალების სახელმწიფო კომისიას განსახილველად და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება პრეზიდენტის მხრიდან შეწყალება ან უარის თქმა,“– განუცხადა მანჯგალაძემ Civil.ge-ს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)