სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს მესამე ვადით იყაროს კენჭი შემოდგომაზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ მას არ აქვს უფლება აუკრძალოს მოსახლეობას თავისი ნება ამ საკითხზე რეფერენდუმის მეშვეობით გამოხატოს.
სეპარატისტული ხელისუფლების ვებ–გვერდი 4 მაისს იტყობინებოდა, რომ საინიციატივო ჯგუფი თავდაცვის მინისტრის მოადგილის იბრაგიმ გასეევის ხელმძღვანელობით გამოვიდა წინადადებით ჩატარდეს რეფერენდუმი ედუარდ კოკოითის ახალი ვადით არჩევის თაობაზე.
“ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ დაიწყონ ბინძური პოლიტიკური თამაშები არჩევნების საფარქვეშ,“– განაცხადა გასეევმა და აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ლიდერის „კურსი უნდა გაგრძელდეს“.
კოკოითის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა არის "საპასუხო რეაქცია დესტრუქციული ძალების მცდელობაზე, რომელთაც პროვოკაციებითა და მანიპულაციებით სურთ არჩევნების წინ სიტუციის არევა" და ის "გონიერ გადაწყვეტილებას იპოვის“.
“მე ვრჩები ჩემი სიტყვის ერთგული და არ ვაპირებ კენჭი ვიყარო მესამე ვადით,“– განაცხადა მან, "მე არავის მივცემ უფლებას დაარღვიოს კონსტიტუცია. ხელისუფლების გადაცემა განხორციელდება მთავარ კანონთან მკაცრი შესაბამისობით განსაზღვრულ ვადებში“.
კოკოითმა, რომელიც სეპარატისტული რეჟიმს სათავეში 2001 წლიდან უდგას, პირველად დეკემბერში განაცხადა, რომ არ აპირებს მისი მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგოს და პრეზიდენტად იყაროს კენჭი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)