21 მაისს სახალხო კრების მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყების თაობაზე ქართული პარტიის შეთავაზებას, დემოკრატიული–მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ უპასუხა, რომ "ფუჭი ლაპარაკის დრო ნამდვილად არ არის“.
თუმცა მან ასევე განაცხადა: “ყველა იმ მოქალაქეს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ქვეყნის გადარჩენის რეალური სურვილი აქვს, შეუძლია და უნდა მოვიდეს კიდეც 21 მაისს და დადგეს საკუთარი ხალხის გვერდით".
16 მაისს ქართული პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გაახმოვანა ქართული პარტიის "პოლიტიკური“ გადაწყვეტილება ნინო ბურჯანაძესთან "ღია კონსულტაციების“ დაწყებასთან დაკავშირებით.
"ჩვენ ამ რეალობიდან გამომდინარე, ვიცით რა საზოგადოების განწყობა, ვიცით ის მოლოდინები, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პარტია მზად არის სახალხო კრებასთან და ნინო ბურჯანაძესთან დაიწყოს კონსულტაციები იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც მათ დააანონსეს 21 მაისს და შემდგომ პროცესებზე,“– განაცხადა კიწმარიშვილმა.
ამ დრომდე ორივე ეს ძალა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების შესაცვლელად ერთადერთი გზა მშვიდობიანი რევოლუციაა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და პარალელურ რეჟიმში მოქმედებდა, ბურჯანაძესა და ქართული პარტიის ზოგიერთ ლიდერს შორის არსებული პირადი დაპირისპირების ფონზე.
2 მაისს სახალხო კრებამ საპროტესტო აქციების დაწყების თარიღად 21 მაისი გამოაცხადა. ქართულმა პარტიამ კი 5 მაისს განაცხადა, რომ აქციებს 9 მაისიდან რეგიონებში იწყებდა, რაც თბილისში დასრულდებოდა სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით მოწყობილი დემონსტრაციით, რისი თარიღიც არ გამოუცხადებია. ერთ–ერთი ბოლო აქცია ქართულმა პარტიამ 16 მაისს აშშ–ის საელჩოსთან გამართა, რის გამოც ის გააკრიტიკეს, როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლებმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)