პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ბოგდან კლიხი და მისი ქართველი კოლეგა ბაჩო
ახალაია, 1 ივნისი. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, 1 ივნისს თავის პოლონელ კოლეგას ბოგდან კლიხს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი, ასევე სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და პოლონეთის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, პრიორიტეტები.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებისადმი გახდეს ნატოს წევრი.
ორმა თავდაცვის მინისტრმა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხიც განიხილეს.
"საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგას შემოდგომაზე საჩხერის სამთო სკოლაში, რომელსაც პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ცენტრის სტატუსი აქვს მინიჭებული, პოლონეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მომზადება შესთავაზა,“ – განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყებამ, "ბოგდან კლიხმა კი თავის მხრივ ბაჩო ახალაიას შესთავაზა ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მომავალი წლისთვის ექსპერტის გამოგზავნა, რომელიც სამშვიდობო მისიების წარმოების საკითხებზე ერთწლიან სალექციო კურსს ჩაატარებს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)