საქართველოში ერთ–ერთმა უმსხვილესმა მედია ჯგუფმა, "მედიაპალიტრამ“ სამშაბათს საღამოს განგაში ატეხა მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მის რამოდენიმე კომპანიაში ერთდროული საგადასახადო შემოწმება დაიწყო.
"მედიაპალიტრა“ აერთიანებს ხუთ გაზეთს – მათ შორის „კვირის პალიტრას“, რომელსაც საქართველოში ყველაზე დიდი ტირაჟი აქვს; 11 ჟურნალს; საინფორმაციო სააგენტოს "ინტერპრესსნიუსი“; რადიოსადგურს "პალიტრა“; პრესის გავრცელების სააგენტოს; წიგნის საგამომცემლო ბიზნესს და სტამბებს, ასევე წიგნების 25 მაღაზიას. მედია–ჰოლდინგს 11 სხვადასხვა ვებ–გვერდი გააჩნია.
"მედიაპალიტრამ“ თავისი მედია საშუალებებით განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურმა "არაგეგმიური შემოწმება“ მის კუთვნილ ექვს შპს-ში დაიწყო; მათ შორის ოთხი კომპანიის საწყობები დაილუქა ინვენტარიზაციისთვის.
"მედიაპალიტრის“ წარმომადგენელთა თქმით, მართალია შემოსავლების სამსახურის არც ერთი სამიზნე მედია საშუალება არ ყოფილა, მაგრამ ჰოლდინგის რამოდენიმე სტრუქტურაში საგადასახადო შემოწმების დაწყება "ეჭვს იწვევს“ ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ზეწოლის თაობაზე.
ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ცოტა ხანში, სხვადასხვა ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა და პარტიებმა მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება დაიწყეს. ზოგიერთები ხელისუფლებას კანონის შესაბამის მოქმედებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო სხვები დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციის "დატერორების მცდელობას“ გმობდნენ. განცხადებები გააკეთეს ასევე სხვა მედია ორგანიზაციებმა, რომლებმაც სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატეს "მედიაპალიტრის“ მისამართით.
"პალიტრას“ წარმომადგენელმა მარიკა დარჩიამ განაცხადა 8 ივნისს, რომ მიმდინარე შემოწმებამ ოდნავ შეაფერხა სამუშაო პროცესი. კერძოდ, მისი თქმით, რამოდენიმე გაზეთის დისტრიბუცია შეფერხდა.
შემოსავლების სამსახურმა 8 ივნისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გეგმიური სასაქონლო–მატერიალური ინვენტაციზაციის პროცესი მიმდინარეობს "მედიაპალიტრის" ოთხ ორგანიზაციაში და არა ექვს სტრუქტურაში.
შემოსავლების სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ ეს არის "ძალიან ხანმოკლე და მარტივი პროცედურა“, რაც „ხელს არ უშლის საწარმოს ფუნქციონირებას“. მან ასევე მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს "თავი შეიკავონ თემის პოლიტიზირებისგან“.
“ინვენტარიზაციის პროცესი მალე დასრულდება. რამდენადაც ამ თემამ გამოიწვია საზოგადოების დიდი ინტერესი, შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდება საზოგადოების ინფორმირება შედეგებზე,“ – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)