მმართველი პარტიის მიერ სექტემბერში შემოთავაზებული ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი „არ შეიცავს არსებით ცვლილებებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით“ გაისად დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ, განაცხადა სამმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ.
ზოგ შემთხვევაში პროექტი „კიდევ უფრო აუარესებს“ არსებულ მდგომარეობას ან „ნორმათა ბუნდოვანება შეუძლებელს ხდის სხვადასხვა ფორმულირებების აღქმას“, ნათქვამია სამი სადამკვირვებლო ორგანიზაციის – “სამართლიანი არჩევნების“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს შენიშვნებში საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით.
• სრული ტექსტი: ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი
• სრული ტექსტი: სადამკვირვებლო ორგანიზაციების შენიშვნები შემოთავაზებულ პროექტზე
ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი, რომელიც წლის ბოლოსთვის 2001 წელს მიღებულ და მას შემდეგ 46–ჯერ შეცვლილ კოდექსს ჩაანაცვლებს, პარლამენტში 19 სექტემბერს იქნა ინიცირებული. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პროექტი მხოლოდ მას შემდეგ დამტკიცდება, რაც ვენეციის კომისია თავის რეკომენდაციებს წარმოადგენს; ვენეციის კომისიის ექსპერტებს თბილისში 26–28 ოქტომბერს ელიან. მათი საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე, ბაქრაძის განცხადებით, პროექტი ღიაა საჯარო განხილვებისთვის. პროექტის ავტორებმა მმართველი პარტიიდან არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე მისი პრეზენტაცია მოაწყვეს.
პროექტში ძირითადი ცვლილებები მოიცავს ყველა იმ პუნქტს, რომლებზეც ნაციონალური მოძრაობა და რამდენიმე ოპოზიციური პარტია ივნისის ბოლოს შეთანხმდა. ამ პუნქტებს შორისაა: პარლამენტის წევრთა 150-დან 190-მდე გაზრდა (რაც ასევე მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის ინიცირებაც, საიდანაც საერთო–სახალხო განხილვას სულ მცირე ერთი თვე სჭირდება, ჯერ არ მომხდარა) და პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯების ანაზღაურება. მაშინ სამმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გააკრიტიკა გაფორმებული შეთანხმება, რაც ბოლო შენიშვნებში კიდევ ერთხელ გაიმეორა.
იმ სფეროებს შორის, რომლებიც სამი სადამკვირვებლო ორგანიზაციის შეშფოთებას იწვევს პროექტში შემოთავაზებულ სხვა ცვლილებებთან დაკავშირებით, არის ის საკითხები, რომლებიც საარჩევნო უბნების გამჭირვალობას და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას უკავშირდება.
საარჩევნო კოდექსის პროექტი აღარ ითვალისწინებს უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირთა შესაძლებლობას, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, აწარმოონ ფოტო და ვიდეო გადაღება, რისი "დაბრუნება კანონმდებლობაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია“, ნათქვამია სამი ორგანიზაციის შენიშვნებში.
ახალი კოდექსის პროექტიდან ასევე ამოღებულია ის ნორმა, რომელიც საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის გამოყენებას ითვალისწინებს იმ მიზნით, რომ მოხდეს დარღვევების პრევენცია და შემდეგ შესაძლო დარღვევებზე საჩივრების გადამოწმება. ასევე ამოღებულია არჩევნების დღეს ამომრჩეველთა მარკირების წესი.
სამმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „მართალია, პრაქტიკაში არ ხდებოდა მარკირების პროცედურისა და ვიდეოთვალის ჩანაწერების ეფექტურად გამოყენება, თუმცა მათი გაუქმების ნაცვლად, არსებული ნაკლოვანი პრაქტიკის დახვეწა, ან მარკირების შემთხვევაში, კონტროლის სხვა, უფრო ეფექტური საშუალებით ჩანაცვლება უნდა მომხდარიყო“.
შარშან ვენეციის კომისიამ მოუწოდა საქართველოს ამოიღოს საარჩევნო კოდექსიდან ის დებულება, რომელიც საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის გამოყენების უფლებას იძლევა. კომისიამ ამ დებულებას „პრობლემატური“ უწოდა, რადგანაც „ჩამწერი ხელსაწყოების გამოყენება საარჩევნო უბნებზე, თუნდაც ის არ არღვევდეს ხმის მიცემის საიდუმლოებას, შესაძლოა ამას მაინც შეუწყოს ხელი და ასევე ზოგიერთი ამომრჩევლის დაშინება გამოიწვიოს“.
სამმა ორგანიზაციამ, რომელთაც უარი განაცხადეს გაწევრიანდნენ იმ კომისიაში, რომელიც ამომრჩეველთა სიების ფორმირების და გადამოწმების მიზნით ცოტა ხანში ჩამოყალიბდება, კიდევ ერთხელ გაიმეორა თავიანთ შენიშვნებში, რომ საარჩევნო სიის ფორმირებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს კონკრეტულმა სახელმწიფო ორგანომ, კერძოდ სამოქალაქო რეესტრმა, ხოლო კომისიას შესაძლოა გააჩნდეს მხოლოდ სიის მონიტორინგის ეფექტური ბერკეტები.
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით სამმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ პროექტი ვერ აგვარებს მთავარ პრობლემებს; მათი თქმით, პროექტი კიდევ უფრო აუარესებს არსებულ ნორმებს იმით, რომ იმ პირთა სიას, რომელთაც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა შეუძლიათ, სახელმწიფო რწმუნებულებიც დაემატნენ.
„ჩვენ უარყოფითად ვაფასებთ ზემოთ აღნიშნულ ცვლილებებს, ვინაიდან იმ პირთა ნუსხის შემცირების ნაცვლად, რომლებსაც შეუზღუდავად შეუძლიათ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, ამ პირთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდა. ეს ეწინააღმდეგება ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით აყენებდნენ“, – ნათქვამია შენიშვნებში.
გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსის პროექტით შემოდის ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო კამპანიის ფონდში შემოწირულობის შეტანა შეეძლება იმ სამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელშიც სახელმწიფოს 50%–მდე წილი აქვს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მთლიანად ეკრძალებათ შემოწირულობების გაკეთება იმ კომპანიებს, რომელშიც სახელმწიფო რაიმე წილს ფლობს.
სამ სადამკვირვებლო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ასეთი დებულება კოდექსში არ უნდა არსებობდეს, რადგან "სახელმწიფო წილის მქონე საწარმოების მიერ პოლიტიკური პარტიებისათვის შემოწირულების განხორციელების შემთხვევაში, იზრდება საფრთხე სახელმწიფო ფინანსების პარტიული მიზნებისთვის გამოყენებისა".
არსებული კოდექსის მსგავსად, ახალი პროექტიც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საშუალებას იძლევა წინასაარჩევნო კამპანიისთვის, თუმცა მასში ნათქვამია, რომ რესურსები თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა პარტიისა და კანდიდატისთვის. თავის შარშანდელ რეკომენდაციებში ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ მართალია „ერთი შეხედვით, ეს დებულება თითქოსდა უზრუნველყოფს თანაბარი შესაძლებლობის პრინციპს, მაგრამ პრაქტიკაში ამგვარი თანასწორობა შესაძლოა არ იყოს დაცული, რადგანაც სამთავრობო პოლიტიკური პარტიებისთვის ამგვარი რესურსები უფრო ადვილად ხელმისაწვდომია“.
„საარჩევნო კოდექსმა მკაფიოდ უნდა აკრძალოს ყველა ტიპის ადმინისტრაციული რესურსების – ფინანსური, მატერიალური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების პირდაპირი და არაპირდაპირი გამოყენება კამპანიის მიზნებისთვის საარჩევნო სუბიექტების, საჯარო მოხელეების და სხვა მონაწილეების მიერ,“ – განაცხადა კომისიამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)