რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს „როსპოტრებნადზორ“–ის ხელმძღვანელმა, გენადი ონიშჩენკომ საქართველო „ეკონომიკურ დივერსიაში“ დაადანაშაულა, ვინაიდან, მისი თქმით, სწორედ ამ ქვეყნიდან მოხდა სამი წლის წინ რუსეთის სამხრეთ რეგიონებში აფრიკული ღორის ცხელების გავრცელება.
„ღორის ცხელება ჩვენთან საქართველოდან შემოვიდა. ჯერ, რა თქმა უნდა, ოსეთში და შემდეგ კრასნოდარის და სტავროპოლის ოლქებში. არსებობს იმის ნიშნები, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი სიტუაციაა. ეს ეკონომიკური დივერსიაა, სამი წელია უკვე კრასნოდარის ოლქი ვერ გამოდის ამ მდგომარეობიდან“, – იტყობინებიან „ინტერფაქსი“ და „რია ნოვოსტი“ ონიშჩენკოს სიტყვებზე დაყრდნობით.
აფრიკული ღორის ცხელება საქართველოში და ასევე სეპარატისტულ აფხაზეთში 2007 წელს დაფიქსირდა.
მოსკოვში 9 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ საუბრისას ონიშჩენკომ, რომელმაც 2006 წელს ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი მომხმარებელთა უსაფრთხოების მოტივით აკრძალა, აშშ–ის მიერ დაფინანსებული ბიოლოგიური კვლევების ლაბორატორიაც ახსენა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია კახეთის გზატკეცილზე 2011 წლის მარტში გაიხსნა.
ონიშჩენკომ განაცხადა, რომ მას ვერ გაუგია, რატომ იმყოფებიან ამერიკელი „სამხედრო ექიმები“ და „ეპიდემიოლოგები“ საქართველოში „ჩვენს საზღვრებთან“. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ–საქართველოს ლაბორატორიის დირექტორი ქართული დაზვერვის ყოფილი უფროსია. ანა ჟვანიას, ლაბორატორიის დირექტორს, წარსულში საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა მაღალი თანამდებობები ეკავა, ხოლო 2008 წლის თებერვლამდე, 16 თვის მანძილზე დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
21 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მისი კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებულ მოსმენაზე, საქართველოში აშშ–ის მომავალმა ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, რომ ლაბორატორია „ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“ როგორც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის, ისე საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ცხოველთა დაავადებების კონტროლის და სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით.
მისი თქმით, აშშ–ის საელჩო თბილისში „აქტიურად უჭერს მხარს ამ პროექტს“ და „აშშ–ის არმია გეგმავს განათავსოს იქ ადამიანები, რომლებიც ქართველებთან ერთად იმუშავებენ და უზრუნველყოფენ, რომ ლაბორატორია შესაბამისად ასრულებდეს თავის ფუნქციებს“.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ლაბორატიის მუშაობაზე იმსჯელა ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის საკითხებში აშშ–ის თავდაცვის მდივნის მოადგილესთან ენდრიუ ვებერთან მარტში თბილისში გამართულ შეხვედრაზე.
მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ონიშჩენკომ ასევე ისაუბრა მინერალური წყლის „ბორჯომის“ რუსულ ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივებზე. მისი თქმით, მისი სააგენტო მზად არის ექსპერტები გამოაგზავნოს საქართველოში ბორჯომის ქარხნების „შესამოწმებლად“, თუმცა მათ თბილისის „ოფიციალური გარანტიები“ დასჭირდებათ ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა მარტში, რომ „როსპოტრებნადზორ“–ს არ სჭირდება რაიმე სპეციალური მოწვევა საქართველოსგან ექსპერტების გამოსაგზავნად. მისი თქმით, საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს რუსეთთან და ონიშჩენკოს საქართველოს ნებართვა არ ესაჭიროება, როცა მას სურს, მაშინ შეუძლია ჩამოსვლა.
ბოლო თვეების მანძილზე საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International–ი რუსულ ბაზარზე მინერალური წყლის „ბორჯომის“ დაბრუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
This post is also available in: Русский (რუსული)