Site icon Civil.ge

210 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო

სვანეთის სოფელ ჭუბერში დღეს 210 მეგავატი სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიალი გაიმართა.   

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ნენსკრაჰესს, რომელშიც 630 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, ჩინური კომპანია Sinohydro აშენებს, ხოლო მის მართვას საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანია, სს „ნენსკრა“ განახორციელებს. 

„ეს არის გრანდიოზული მოვლენა მართლაც და ეს არის ისტორიული მშენებლობის დასაწყისი“, – განაცხადა სააკაშვილმა მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე და აღნიშნა, რომ ჩინელი პარტნიორების დახმარებით "აქ ხუთ წელიწადში იდგება ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც აშენებულა როდესმე ენგურჰესის შემდეგ“. 1978 წელს აშენებული ენგურჰესის სიმძლავრე 1300 მეგავატს შეადგენს.

უშუალოდ ნენსკრაჰესის მშენებლობის დაწყებამდე მოხდება მშენებლობის ადგილისკენ მიმავალი გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი სავარაუდოდ 2017 წელს დასრულდება.

საქართველოს მთავრობის გეგმაა, რომ თითქმის სრულად ჩაანაცვლოს იმპორტირებული გაზის მეშვეობით თბოელექტროენერგიის გამომუშავება ჰიდროელექტროენერგიით, რაც ქვეყნის ენერგოგამომუშავების, დაახლოებით, 93%–ს შეადგენს. 

გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ „მწვანე ალტერნატივამ“  23 აპრილს გავცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე 130 მ სიმაღლის ქვანაყარი კაშხლის და მისი წყლის რეზერვუარის, შემდგომ ფაზაზე კი 11.8 კმ სიგრძის სადერივაციო გვირაბის მშენებლობას, რომლის საშუალებითაც მოხდება მდინარე ნაკრას წყლის გადმოგდება მდინარე ნენსკრას ხეობაში, „მკვეთრად უარყოფითი ზეგავლენა“ ექნება ადგილობრივ ეკოსისტემაზე. ამავე განცხადების თანახმად, სვანეთის მაღალმთიანეთში გაიჩეხება 400 ჰა-მდე ხელუხლებელი ტყე.