ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მსვლელობის მონაწილეს ექვსფერიანი ლგბტ დროშა უკავია, 17 მაისი. ფოტო: ინტერპრესნიუსი
თბილისის ცენტრში 17 მაისს ლგბტ აქტივისტების მონაწილეობით გამართული მსვლელობა ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წარმომადგენლებთან და მათი მომხრეების ჯგუფთან, რომელთაც აქტივისტებს გზა გადაუღობეს და მსვლელობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
რამდენიმე ათეული ლგბტ აქტივისტი, რომელთაგანაც ზოგს ცისარტყელას ფერებიანი დროშა ეკავათ, ზოგს კი ბანერები წარწერით: „მე მიყვარს ჩემი გეი მეგობარი“ და „ჰომოფობია არჩევანია, ჰომოსექსუალიზმი არა“, თბილისის ცენტრში დაგეგმილი პირველი ასეთი მსვლელობის დაწყების წინ ფილარმონიის წინ შეიკრიბა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირისკენ დაიწყეს მსვლელობა, თუმცა სანამ გამზირს მიუახლოვდებოდნენ ისინი მამაკაცების ჯგუფმა შეაჩერა, რომელთა შორის "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრები და სასულიერო პირებიც იყვნენ.
„გვიყვარხართ და არ გვინდა რომ დაიღუპოთ. თქვენი სული, თქვენი ხორცი არ გვინდა რომ დაიღუპოს“, – განაცხადა ერთმა ახალგაზრდამ იმ ჯგუფიდან, რომელმაც გეი აქტივისტებს გზა გადაუღობა, „გეები არ უნდა გავატაროთ, იმიტომ რომ უნდა ავუხსნათ, რომ ეს არის ცოდვა“.
„ეს არის არასწორი ცხოვრების პროპაგანდა“, – მიმართა ერთ–ერთმა სასულიერო პირმა მსვლელობის მონაწილეებს.
სასულიერო პირები იქვე მყოფ პოლიციელებთანაც მივიდნენ და თხოვეს შეეჩერებინათ „ეს უწესობა“; პოლიციელმა უპასუხა, რომ პოლიცია იქ წესრიგის დასაცავად და მსვლელობის მონაწილეების მიერ საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვის აღსაკვეთად იმყოფებოდა. „ვერ ავუკრძალავთ მსვლელობას“, – უთხრა პოლიციელმა სასულიერო პირს. „მაშინ ჩვენ მოგვიწევს ამის გაკეთება“, – უპასუხა ამ უკანასკნელმა.
რაღაც მომენტში გეი აქტივისტებს და რამდენიმე ახალგაზრდას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თუმცა, პოლიცია ჩაერია და რამდენიმე ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ლგბტ აქტივისტი დაპირისპირების ადგილიდან წაიყვანა, რომლებიც მალევე გაათავისუფლეს.
დღესვე, სანამ ინციდენტი მოხდებოდა, საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.
„ადამიანის უფლებების განვითარების კუთხით არსებული პროგრესის მიუხედავად, ჰომოფობია მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება და სამწუხაროდ, გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში, „საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი ადამიანების მიმართ ხშირია. ჰომოფობიური გამონათქვამები თუ სხვაგვარი ქმედებები კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფს ხშირად შეურაცხყოფს და საზოგადოებაში სტერეოტიპების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.“
„თითოეულ ჩვენთაგანს მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ აუცილებელია თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების პატივისცემა და მიღება“, – განაცხადა სახალხო დამცველმა, „მიმაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკოსებისთვის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის უმნიშვნელოვანესი უნდა გახდეს ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა, მათ შორის ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი ადამიანების უფლებებით და მათ წინაშე არსებული პრობლემებით დაინტერესება. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების დემოკრატიული და ლიბერალური განვითარება“.
დღესვე მოგვიანებით აშშ–ის საელჩოში გაიმართა შეხვედრა ლგბტ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე საქართველოს მთავრობის და უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან, რომელსაც ელჩმა ჯონ ბასმა უმასპინძლა. შეხვედრის შემდეგ აშშ–ის ელჩმა განაცხადა: "ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც მხარს უჭერს ადამიანის საყოველთაო უფლებების სრულმასშტაბიან იმპლემენტაციას, უნდა არსებობდეს სივრცე ყველა სექსუალური ორიენტაციის ადამიანისათვის. სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, საზოგადოების სხვა წევრების მსგავსად, უნდა ჰქონდეთ საჯაროდ და მშვიდობიანად თვითგამოხატვის საშუალება, დანარჩენი საზოგადოების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შიშის გარეშე. ჯანსაღი, ენერგიული დემოკრატიის ერთ–ერთი მახასიათებელია განსხვავებული მოსაზრებების ადამიანთა მიერ საკითხთა ფართო სპექტრზე აზრის გამოხატვისა და მსჯელობის თავისუფლება ანგარიშსწორებისა და ძალადობის შიშის გარეშე. ჩვენი აზრით, ეს დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური პრინციპი და საფუძველია".
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)